პარლამენტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ორგანიზებით, პარლამენტში ღონისძიება „ჩემი საპარლამენტო თავგადასავალი 2023″ გაიმართა.
საკანონმდებლო ორგანოში თბილისისა და სხვადასხვა რეგიონის სკოლების მოსწავლეებისთვის შემეცნებით-გასართობი აქტივობა მოეწყო. ღონისძიების სტუმრებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიესალმა და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა. მან სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც საქართველოს პარლამენტი ახალგაზრდებისთვის საკანონმდებლო საქმიანობასთან დაკავშირებით ცოდნის გაღრმავების მიმართულებით გეგმავს.
„მიხარია, რომ თქვენი მასპინძლები ვართ დღეს საქართველოს პარლამენტის სასახლეში. მიხარია, რომ ჩვენთან ხართ და ასე გააფერადეთ, გაალამაზეთ პარლამენტის საქმიანი გარემო. მიხარია, რომ საქმე, რომელიც პარლამენტმა გაეროს განვითარების პროგრამასთან ერთად დაიწყო და ეხებოდა სამოქალაქო განათლების გაკვეთილის ფარგლებში პარლამენტთან, საკანონმდებლო საქმიანობასთან დაკავშირებით ცოდნის გაღრმავებას, წარმატებით ინერგება ჩვენს სკოლებში. მინდა მადლობა გადავუხადო განათლების და მეცნიერების კომიტეტს, რომელიც დღევანდელი დღის აღნიშვნის და ღონისძიების გამართვის ინიციატორია. იმედი მაქვს, საინტერესო დღე გქონდათ პარლამენტში”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ და ყურადღება გაამახვილა პარლამენტის მიერ ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით მომზადებულ პროექტზე, რომელიც სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ სწავლებას გულისხმობს. როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, პროექტის ფარგლებში მომზადებული სახელმძღვანელოს – „რა ვიცით პარლამენტის შესახებ” სწავლება საპილოტე სკოლებში წარმატებით მიმდინარეობს.
„განათლება, რომელსაც თქვენ იღებთ, არის იმ დემოკრატიის საწინდარი, რომლითაც ჩვენი ქვეყანა შენდება, რომელიც ადამიანის უფლებებზე და კანონის უზენაესობაზე არის დაფუძნებული. თქვენი კეთილდღეობა, წინსვლა და წარმატება ეს არის ის მთავარი მიზანი, რომლისთვისაც პარლამენტი და მთელი სახელმწიფო ყოველდღიურად ვზრუნავთ”, – განაცხადა გივი მიქანაძემ. ბავშვთა უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძემ და სტუმრებს კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. მოსწავლეებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა. მისი თქმით, რეფორმები, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს, ბავშვთა კეთილდღეობაზე არის მიმართული. „ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ხარისხიანი განათლების პარალელურად, თქვენ იყოთ უსაფრთხო გარემოში და ჩამოყალიბდეთ ჩვენი ქვეყნის ღირსეულ მოქალაქეებად”, – განაცხადა თამარ მახარაშვილმა.
ღონისძიების ბოლოს, პარლამენტის თავმჯდომარემ სამოქალაქო საზოგადოების დამხმარე სახელმძღვანელოს „რა ვიცით პარლამენტის შესახებ” აქტიური სწავლებისთვის საპილოტე სკოლები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.