ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-8 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი ჩაინა მოზესისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტით დაიხურა
ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-8 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი ცნობილი მომღერლის, სიმღერების ავტორისა და პროდიუსერის, ჩაინა მოზესის, მისი ბენდისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის ერთობლივი კონცერტით დაიხურა. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონცერტს მაესტრო ვახტანგ კახიძე დირიჟორობდა. ფესტივალის დახურვას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე დაესწრო.
მსოფლიოში სახელგანთქმულმა არტისტმა ჩაინა მოზესმა 12 წლის მანძილზე 800-ზე მეტი შოუ გამართა. ის არაერთ საერთაშორისო სატელევიზიო და კინოპროექტში მონაწილეობს. მათ შორის არის საკულტო სერიალი „მოეშა“. მისი თეატრალური როლებია: სალი ბოულზი, მიუზიკლში „კაბარე“ და ბილი ჰოლიდეი, მიუზიკლში „კაფე, საზოგადოება, სვინგი“. არის თანაპროდუსერი ცნობილი რადიოგადაცემებისა – Made in China on TSF Jazz (საფრანგეთი) და „გვიან ღამით ჩაინა მოზესთან“ ჯაზის რადიოტალღაზე (დიდი ბრიტანეთი). ჩაინა მოზესი გამოჩენილი რეჟისორის – გილბერტ მოზესისა და ცნობილი მომღერლის – დი დი ბრიჯუოტერის შვილია.
მრავალფეროვან შემოქმედებით გზაზე ხელოვანი გამოდიოდა არჩი შეპთან, პი უი ელისთან, თეო კროკერთან, ჯონ ბიზლისთან, ნილს ლანდგრენთან, ჯონ პატიტუჩისთან, მაგნუს ლინდგრენთან, ჯეიმი კულუმთან, ჯაზის ლეგენდებთან – როი ჰარგროვთან, ჯორჯ ბენსონთან, ბოგოტის, ტრიერის, დრეზდენის, პოტსდამის, ბილბაოს, პარიზის, შჩეცინის ორკესტრებთან, დასავლეთ გერმანიის რადიოსა და ჰესენის ბიგბენდებთან, ახალი ორლეანის ჯაზორკესტრთან ერთად. როგორც სიმღერების ავტორი, რომელიც ქმნის მუსიკასაც და ტექსტსაც, ჩაინა მოზესი თანამშრომლობდა ენტონი მარშალთან, ოლი როკბერგერთან, ტროი მილერთან, ალექს უებთან, რაფაელ ლემონიერთან, გორდონ საირუსთან, ბობ პაუერთან.
ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-8 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, 5-23 მაისს გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი შემსრულებლები. ფესტივალი გაიხსნა ლეგენდარული „TAKE 6“-ისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტით, რომელსაც მაესტრო ვახტანგ კახიძე დირიჟორობდა. მაყურებელმა ასევე მოისმინა თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრის ბიგბენდის კონცერტი.
ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, 2015 წელს, თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის ინიციატივითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, დაფუძნდა და ის ყველა ჟანრის მუსიკის მოყვარულთათვის არის განკუთვნილი. ფესტივალი ყოველწლიურად იმართება. მისი პროგრამა აგებულია თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და პოპულარული მუსიკის მსოფლიო ვარსკვლავების შემოქმედებით თანამშრომლობაზე. პირველი ფესტივალი ჯანსუღ კახიძის 80 წლის იუბილეს მიეძღვნა. ამის შემდეგ, სხვადასხვა წელს, თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ფესტივალში მონაწილეობდნენ: The Manhattan Transfer, New York Voices, TAKE 6, Ivan Lins, Bob James, Patti Austin, The Real Group, Dee Dee Bridgewater, Janoska Ensemble, Paula Morelenbaum.
ფესტივალი აქტიურად უწევს პოპულარიზაციას ქართულ მუსიკას და მსმენელს ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით საინტერესო პროექტებს სთავაზობს.