თეა წულუკიანი გენერალ-მაიორ გენო ადამიას ბიუსტის გახსნის ცერემონიას დაესწრო
გმირთა მოედანზე საქართველოს ეროვნული გმირის – გენერალ-მაიორ გენო ადამიას – ბიუსტი გაიხსნა. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, გახსნის საზეიმო ცერემონიას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესთან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრ ეკა ხოფერიასთან, გენო ადამიას ოჯახის წევრებთან და სხვა სტუმრებთან ერთად დაესწრო.
სტუმრებმა საქართველოსთვის დაღუპულ მეომართა ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი და ჩოხოსნებთან და აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან ერთად, ეროვნული გმირის ბიუსტი ყვავილებით შეამკეს. ცერემონიაში მონაწილეობდნენ სამხედრო სასულე ორკესტრი და აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი – „აფხაზეთი“.
ბიუსტის ავტორია ბადრი სხულუხია. მისი გახსნის ინიციატორი კი ყოფილი 23-ე ბრიგადის საბრძოლო ნაწილის მეთაური, გენო ადამიას თანამოაზრე და თანამებრძოლი – ლევან ქეცბაიაა. გენო ადამიას ბიუსტი სწორედ მისი ფინანსური თანადგომით დამზადდა.
საქართველოს ეროვნული გმირი გენო ადამია 1993 წლის 28 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან მეორე დღეს, დაიღუპა. მან საკუთარი სიცოცხლის ფასად არაერთი სიცოცხლე გადაარჩინა. სიკვდილის შემდეგ მას მიენიჭა ვახტანგ გორგასლის პირველი და მესამე ხარისხის ორდენები და ეროვნული გმირის წოდება. 2022 წელს კი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, ეროვნული გმირის ბიუსტი ზუგდიდში გაიხსნა.
გენო ადამია დაკრძალულია თბილისის ძმათა სასაფლაოზე.