„საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ – ექსპოზიცია გაიხსნება
24 მაისს, 17:00 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან, 105 წლის იუბილესთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ექსპოზიცია – „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ გაიხსნება.
ეროვნული არქივის ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული მრავალფეროვანი მასალა, რომელიც 1918-1921 წლების საქართველოს ისტორიას ასახავს.
დოკუმენტებს შორისაა როგორც პირველი რესპუბლიკის სიმბოლიკა – დამოუკიდებლობის აქტები, გერბისა და დროშის ესკიზები, ჰიმნის ნოტები – ისე 26 მაისის საზეიმო აღნიშვნის შესახებ დოკუმენტები და ქვეყნის პოლიტიკური, საზოგადოებრივი თუ კულტურული ცხოვრების ამსახველი საარქივო მასალა.
ამასთან, დამთვალიერებელი იხილავს პირველი რესპუბლიკის პერიოდის იარაღების მულაჟებს.