„ბარათაშვილი და თბილისი“ – წიგნის წარდგენა გაიმართება

19 მაისს, 19:00 საათზე, ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში თბილისის მუზეუმების გაერთიანების გამოცემის – „ბარათაშვილი და თბილისი“ – წარდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებაში თბილისს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. წიგნში წარმოდგენილია პოეტის შემოქმედებით მემკვიდრეობაში დაგროვილი უამრავი ჩანაწერი, მოგონება თუ განცდა, რომელიც თბილისს უკავშირდება.
გამოცემა მოგვითხრობს პოეზიის და თბილისის სიყვარულზე, იმ ლიტერატურულ მემკვიდრეობაზე, რომელიც სხვადასხვა ფონდსა და კოლექციებში ინახება.
ბარათაშვილმა, როგორც მოაზროვნემ, საქართველოში მთელი XIX საუკუნის ლიტერატურის განვითარებას მისცა მიმართულება. მან ქართული ლექსი ყველაზე მეტად გაათავისუფლა აღმოსავლური პოეზიის მოძველებული ტრადიციებისაგან. ბარათაშვილი ფილოსოფიური ლირიკის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელია. მის შემოქმედებაში ერთნაირი ძალით გამოიხატა როგორც ადამიანის ინტიმური გრძნობები, ისე ზოგადსაკაცობრიო იდეები.
წიგნში წარმოდგენილი ექსპონატები, ფოტოები, ასევე ბარათაშვილის მიერ შესრულებული ჩანახატები დაცულია თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანებაში შემავალ – ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში. გამოცემაში წარმოდგენილი ხელნაწერები და ფოტოები დაცულია საქართველოს პრალამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საქართველოს ეროვნულ არქივში, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში.
გამოცემა მომხადებულია ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში.
წიგნი გააფორმა მხატვარ დიზაინერმა – ნინო ანდრიაშვილმა
ფოტო: მირიან კილაძე; ნატა აბაშიძე-რომანოვსკაია.

მისამართი: ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი, თბილისი, ჩახრუხაძის №17.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები