საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე დომინიკის რესპუბლიკაში მიმდინარე UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს სხდომას ესწრებიან.
118-ე სხდომა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა გახსნა. საქართველოს დელეგაციამ სესიის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო თემატურ დისკუსიებში. ვიზიტისას სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის მინისტრებთან და ხელმძღვანელ პირებთან თანამშრომლობის განვითარების მიზნით შეხვედრები გაიმართა.
აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე 40-ზე მეტი ქვეყნის ტურიზმის სამინისტრო, ადმინისტრაცია და ორგანიზაციაა წარდგენილი.
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სესიის ფარგლებში „ტურიზმის განახლებული ხედვები“ დისკუსია გაიმართა ტურიზმის სექტორში ინოვაციური კონცეფციების განვითარებისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ. შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და იდეები მიაწოდეს, თუ როგორ უნდა მოხდეს სწორი კომუნიკაცია სფეროს პროფესიონალებთან, რა ტიპის მხარდაჭერა უნდა გაუწიონ ტურიზმის ორგანიზაციებსა და სექტორს ტურისტული მიმართულებების განვითარების, საკომუნიკაციო არხების გაუმჯობესებისა და გაზრდილი ტექნოლოგიური მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით. სესიის ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტებმა ქვეყნის ტურისტული ბრენდის განახლების, სწორი პოზიციონირების, ადაპტირებისა და ციფრული კომუნიკაციების დახვეწის შესახებ ისაუბრეს.