ქანდაკების ფესტივალის გახსნა და ნიკოლოზ კანდელაკის გამოფენა

16 -18 მაისს, კულტურის ცენტრ „მუზაში“, თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა  ასოციაციის ორგანიზებით, ქანდაკების ფესტივალი გაიმართება, რომელიც ნიკოლოზ კანდელაკის გამოფენით გაიხსნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, განსაკუთრებულია საქართველოს სახალხო მხატვრის, ნიკოლოზ კანდელაკის (1889-1970 წ.წ.) დამსახურება ქართული მონუმენტური პლასტიკის ჩამოყალიბება-განვითარებაში.
„ხელოვანმა უმაღლესი განათლება პეტერბურგის საიმპერატორო სამხატვრო აკადემიაში მიიღო. 1926 წელს საქართველოში დაბრუნდა და თბილისის სამხატვრო აკადემიაში ქანდაკების მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. დიდია ნიკოლოზ კანდელაკის ღვაწლი, როგორც პედაგოგის. 1927 წლიდან მის სახელოსნოში, იაკობ ნიკოლაძესთან სწავლის პარალელურად მუშაობდნენ მოქანდაკეები, რომლებმაც შემდეგში თვალსაჩინო ადგილი დაიკავეს ქართული ქანდაკების განვითარებაში: თ. აბაკელია, ვ. თოფურიძე, ე. მაჩაბელი, შ. მიქატაძე. მომდევნო თაობის წარმომადგენლებიდან კანდელაკის სკოლა გაიარეს: მ. ბერძენიშვილმა, ე. ამაშუკელმა, გ. თოიძემ, ჯ. მიქატაძემ, გ. ოჩიაურმა, ო. ფარულავამ, ბ. ციბაძემ და სხვ. ცნობილმა მოქანდაკეებმა.
ნიკოლოზ კანდელაკმა ძირითადად პორტრეტული ქანდაკებები შექმნა. ისინი თავისი ზომით დაზგური ნამუშევრებია, მაგრამ მიუხედავად ამისა, მისი შემოქმედება არსებითად მონუმენტური განზოგადებითა და გამომსახველობით ხასიათდება.
ნიკოლოზ კანდელაკის შემოქმედებას ქართული ქანდაკების ისტორიაში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია.
გამოფენაზე დამთვალიერებელს საშუალება ექნება, ნახოს ხელოვანის მემკვიდრეების კუთვნილებაში არსებული 30 – მდე ნაწარმოები. აღსანიშნავია, რომ მოქანდაკის ამ მასშტაბის გამოფენა პოსტსაბჭოთა პერიოდში პირველად იმართება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ფესტივალის ფინანსური მხარდამჭერია: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები