ოთარ დანელია კახეთში რთველის მიმდინარეობის პროცესს გაეცნო
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია კახეთის რეგიონში იმყოფებოდა და რთველის მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნო. უახლოეს დღეებში 2014 წლის რთველი აქტიურ ფაზაში შევა. კახეთში ვიზიტისას სოფლის მეურნეობის მინისტრი ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) პლენარული სხდომის მონაწილეებს შეხვდა, რომლებიც კახეთს სტუმრობდნენ. სამინისტროს ინფორმაციით, სტუმრებს მასპინძლობას უწევდა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი. ტურის ფარგლებში სტუმრებმა წინანდალში ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლმუზეუმი და ღვინის ძველი მარანი დაათვალიერეს. WWTG-ს მონაწილეები კახეთის რეგიონში კომპანიის „მეღვინეობა ხარებას“ ტურისტული კომპლექსი ,,გვირაბი“ დაათვალიერეს, ჩურჩხელები ამოავლეს და თონეში შოთის პური გამოაცხვეს. სტუმრების კახეთის ტური ღვინის დეგუსტაციითა და საზეიმო ვახშმით დასრულდა.