სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრსა და საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრსა და საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტს შორის 2023 წლის 3 მაისს ხელი მოეწერა თანამშრომლობის განახლებულ მემორანდუმს საფრანგეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის საფეხურზე სტიპენდიების ერთობლივად დაფინანსების შესახებ.

ფრანგულ ინსტიტუტთან საპარტნიორო ხელშეკრულება 2015 წელს გაფორმდა, რომელიც განახლდა 2018 წელს და წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, მხარეთა შეთანხმებით, მიმდინარე წელს ხელშეკრულების მოქმედება გახანგრძლივდა მესამე ვადით.
ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნუნუ მიცკევიჩმა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ფილიპ რიშუმ. მემორანდუმის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ეძლევათ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ფინანსური და საორგანიზაციო მხარდაჭერით მიიღონ სტიპენდია საფრანგეთის უმაღლეს სასწავლებლებში სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად.

შეხვედრაზე განხილულ იქნა მხარეებს შორის თანამშრომლობის გაფართოების პერპსექტივები სადოქტორო პროგრამების და პროფესიული განათლების მიმართულებით. აგრეთვე, მხარეებმა ისაუბრეს საფრანგეთის საუნივერსიტეტო სივრცის წარმომადგენელთა ვიზიტების დაგეგმვის შესაძლებლობებზე მიზნობრივი აქტივობების ფარგლებში. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში 2016-2022 წლებში გაცემულია 100-მდე სტიპენდია. საფრანგეთის სასტიპენდიო პროგრამის ბენეფიციარი სტუდენტები მაგისტრის კვალიფიკაციის მიღების შემდგომ ბრუნდებიან საქართველოში და წარმატებით საქმდებიან როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში.
2023-24 სასწავლო წლის სასტიპენდიო პროგრამაზე რეგისტრაცია უახლოეს დღეებში გამოცხადდება, სტიპენდიატებს კი საერთაშორისო საკონკურსო კომისია შეარჩევს, რომელიც დაკომპლექტებული იქნება მხარეთა წარმომადგენლებით. საკონკურსო პირობები სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მიერ ერთობლივად იქნება დადგენილი. სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი ერთობლივად გეგმავს გასვლით საინფორმაციო შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სასტიპენდიო პროგრამის გასაცნობად სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები