ზურაბ აზარაშვილი: მოვუწოდებ მშობლებს, სამუშაო მაგიდასთან გავაგრძელოთ ყველა პროცესი, რაც აუცილებელია მკურნალობის მეთოდების დასანერგად, დღეს რაც ხდება, საქმეს არანაირად არ წაადგება

“მოვუწოდებ მშობლებს, სამუშაო მაგიდასთან გავაგრძელოთ ყველა პროცესი, რაც აუცილებელია მკურნალობის მეთოდების დასანერგად, დღეს რაც ხდება, საქმეს არანაირად არ წაადგება,” – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ განაცხადა.

უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, სამუშაო პროცესი არა პროტესტის ფონზე, არამედ კონსტრუქციულ რეჟიმში უნდა მიმდინარეობდეს.

„ამ ხმაურის, დაძაბულობის ფონზე, მერწმუნეთ ძალიან რთულია, რომ პროცესი გაგრძელდეს. პროცესი არ უნდა მიმდინარეობდეს ასეთი პროტესტის ფონზე და სამინისტრო და დაინტერესებული მხარეები უნდა იყვნენ კონსტრუქციულ რეჟიმში, მაგიდასთან. აქედან გამომდინარე, მინდა, მშობლებს ვთხოვო და მოვუწოდო, რომ შეთანხმება და ყველა ის პროცესი, რაც აუცილებელია აქონდროპლაზიის მკურნალობის პროტოკოლის ქვეყანაში დანერგვისთვის, გავაგრძელოთ სამინისტროში, სამუშაო მაგიდასთან. რაც დღეს ხდება და გასული დღეების განმავლობაში ხდებოდა, თავადაც ხედავენ, რომ ამ საქმეს არანაირად არ წაადგება. სამინისტრო ყოველთვის მზად არის, მაქსიმალურად გახსნილი იყოს, ნებისმიერ მხარეს ყოველთვის აქვს შესაძლებლობა, ჩაერთოს ნებისმიერი ფორმატის სამუშაო ჯგუფებში და განხილვის პროცესში. ჩვენი კარი ღიაა,” – აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს სრულ მხარდაჭერას, დააფინანსოს და დააორგანიზოს ამ დიაგნოზით ბავშვების სხვა თანმდევი დაავადებების დიაგნოსტიკა, მკურნალობა, რეაბილიტაცია და ყველა საჭირო პროცედურები როგორც საქართველოში, ისე – საზღვარგარეთ.

„ჩვენ დღესაც მზად ვართ და ყოველთვის მზად ვიყავით, ამ ბავშვებთან მიმართებით დაგვეფინანსებინა მკურნალობის სხვადასხვა მეთოდები,იქნებოდა ეს რეაბილიტაცია და თუ სხვა საჭირო პროცედურები. ჩვენ მოლაპარაკების რეჟიმზე უარი არასდროს არ გვითქვამს. სამწუხაროდ, რამდენიმე კვირის წინ ჩემთან შეხვედრაც იყო და სამწუხაროდ მათი პროტესტი ისევ გაგრძელდა ქუჩაში. ძალიან მნიშვნელოვანი კითხვები მოდის პარტნიორების მხრიდან. გვეკითხებიან, თუ რატომ ხდება ისე, რომ ჩვენ გვიწევს პროტესტის ფონზე გადაწყვეტილებების მიღება.
სამუშაო ჯგუფი ყველანაირი ზეწოლისგან უნდა იყოს თავისუფალი. ასეთი ფონი სამწუხაროდ ხელს უშლის ამ გადაწყვეტილების მიღებას და ასეთი ულტიმატუმის ენით საუბარი არანაირად არ დააჩქარებს პროცესს. ჯობს, გაგრძელდეს მუშაობა კონსტრუქციულ რეჟიმში, სამუშაო მაგიდასთან და მერწმუნეთ, რომ ბავშვების საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება მიღებული“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები