„ქალი რეჟისორების მხარდაჭერა“ – კულტურის სამინისტრომ კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ წელს პირველად გამოცხადებული კონკურსის – „ქალი რეჟისორების მხარდაჭერა“ – გამარჯვებული პროექტები გამოავლინა.
„კონკურსის მიზანია ქალ რეჟისორთა შემოქმედებითი გააქტიურება; თანამედროვე ქართულ თეატრალურ ცხოვრებაში მათი უფრო მასშტაბური მონაწილეობა; ქალ რეჟისორთა ახალი სახელების წარმოჩენა; ქართული თეატრის რეპერტუარის გამრავალფეროვნება და მისი ახალი დადგმებით გამდიდრება.
კონკურსისთვის გამოიყო 86 000 ლარი.
სამინისტროს განცხადებით მომართა რვა კონკურსანტმა. გაიმარჯვა ოთხმა პროექტმა, ესენია:
1. „ინატრე და გეშინოდეს“ – სსიპ ქ. ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი.
რეჟისორი მერი ბეროშვილი ზუგდიდის თეატრში თანამედროვე ავსტრიელი ნობელიანტი მწერლის, პეტერ ჰანდკეს, პიესების მიხედვით დადგამს სპექტაკლს „ინატრე და გეშინოდეს“.
2. „ცხოველების ფერმა“ – სსიპ საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანება.
გაერთიანებაში შემავალ ახალციხის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრში რეჟისორი მარიამ სიხარულიძე დადგამს სპექტაკლს ჯორჯ ორუელის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით.
3. „ცხენები ფანჯარაში“ – სსიპ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი.
მ. თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში რეჟისორი ნინო მაღლაკელიძე დადგამს სპექტაკლს თანამედროვე რუმინელი დრამატურგის, მატეი ვიშნეკის, ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით.
4. „ლივ შტაინი“ – სსიპ ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი.
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში რეჟისორი თამარ პოპიაშვილი დადგამს სპექტაკლს ნინო ხარატიშვილის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები