ზურაბ აზარაშვილი – „აქონდროპლაზიის მკურნალობისთვის, მედიკამენტ ვოზორიტიდის დაფინანსების განხილვა შეჩერებული აქვთ გერმანიას, ბრიტანეთს და სხვა ქვეყნებს“
“აქონდროპლაზიის მკურნალობისთვის, მედიკამენტ ვოზორიტიდის დაფინანსების განხილვა შეჩერებული აქვთ გერმანიას, ბრიტანეთს და სხვა ქვეყნებს, ვინაიდან პრეპარატი დანერგვის ადრეულ ეტაპს გადის. მისი გვერდითი ეფექტების, ასევე გრძელვადიან პერიოდში, მკურნალობის ეფექტურობის შესახებ მწირი ინფორმაცია მოიპოვება. შესაბამისად, პაციენტის ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, არაერთმა ქვეყანამ ჩათვალა, რომ არ არის მიზანშეწონილი, ამ ეტაპისთვის, პრეპარატის დაფინანსებაზე მსჯელობა“, – აღნიშნულის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, განაცხადა.
ზურაბ აზარაშვილის თქმით, მედიკამენტი არის ახლად შექმნილი, დაჩქარებული წესით აქვს მიღებული აშშ-ს საკვების და წამლის მარეგულირებელი სააგენტოსა (FDA) და ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) ავტორიზაცია, გამოიყენება მხოლოდ განსაკუთრებულ, ზოგიერთ შემთხვევაში და არ წარმოადგენს სტანდარტულ თერაპიას.
„იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოზე დეტალურად იქნა განხილული სხვადასხვა ქვეყნების მაგალითები, სადაც მოხდა აღნიშნული მედიკამენტების შესწავლა. ასევე ჩვენი სამინისტროს მიერ, გასული თვეების განმავლობაში არის აქტიური შესწავლის ეტაპები გავლილი. აქტიური კომუნიკაცია გვქონდა როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, ასევე პაციენტების უფლებების დაცვის ევროპულ საზოგადოებებთან და სხვადასხვა ქვეყნებთან სადაც ეს განხილვები მიმდინარეობდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე, იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს, ამ მედიკამენტის შესყიდვასთან დაკავშირებით სამინისტროსთვის დადებითი რეკომენდაცია არ მიუცია“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.