მამუკა მდინარაძე: აქციის კადრებში ისეთი ასაკის ბავშვები აღმოვაჩინეთ, ვთქვით, რომ ახლა ბავშვებთან პრინციპზე დადგომა არ შეიძლება – არის საკითხები, რასთან დაკავშირებითაც შეუვალები ვართ

ბევრმა ჩვენმა მომხრემ დღევანდელი გადაწყვეტილება კრიტიკულად მიიღო და შემიძლია მათ მოვუბოდიშო – არის რაღაც საკითხები, რასთან დაკავშირებითაც შეუვალები ვართ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის გაწვევაზე საუბრისას განაცხადა.

„როდესაც საქმე ადამიანს, მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეხება, როდესაც ასეთი რისკები რეალურად დგება კითხვის ნიშნის ქვეშ და რისკის ქვეშ, მართალი ხარ თუ მტყუანი, ამას თავი უნდა დაანებო. წინა ხელისუფლებები ამას ვერ ახერხებდნენ. უნდა შეძლო ყველაფერი გვერდით გადადო, თქვა – შეიძლება მართალი ვარ (და მართალიც ვარ ბოლომდე), მაგრამ მე, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლიანი პარტია, გამოვდივარ მთავარი ინტერესიდან, ეს არის ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ამას მოვუფრთხილდით ჩვენ. გუშინ ისეთი ასაკის ბავშვები აღმოვაჩინეთ აქციის კადრებში, ვთქვით, რომ ახლა ბავშვებთან ასე პრინციპზე დადგომა არ შეიძლება“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს, რომელსაც პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა, საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქციები მოჰყვა.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკურ საბჭოსა და „ხალხის ძალის“ ერთობლივი განცხადების მიხედვით, მიიღეს გადაწყვეტილება, „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვიონ მათ მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები