მთავრობის გადადგომა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები – რუსთაველის გამზირზე ახალი მოთხოვნები გააჟღერეს

ვეტერანი მებრძოლები პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მთავრობის გადადგომას და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ.

მათი მოთხოვნები საკანონმდებლო ორგანოსთან აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ვეტერანმა ბესო ბენდელიანმა გააჟღერა.

„თუ ხალხი ვართ მზად იმისათვის, რომ გავუძლოთ ბრძოლას, მოვითხოვოთ მთავრობის გადადგომა. მშვიდობიანად, არავითარ შემთხვევაში არცერთი არ გავიდეთ კონსტიტუციური მოვალეობებისგან. ჩვენ არ დავარღვევთ კანონს. ჩვენ არავის არ ვერჩით, მათ შორის არც ადამიანებს, რომლებიც გვაკავებენ, წყლის ჭავლით გვასველებენ და ცრემლსადენი გაზით გვატირებენ. მოვითხოვოთ ამ ხელისუფლების გადადგომა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები“, – განაცხადა ბენდელიანმა.

შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქციები „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს მოჰყვა, რომელსაც პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკურ საბჭოსა და „ხალხის ძალის“ ერთობლივი განცხადების მიხედვით, მიიღეს გადაწყვეტილება, „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვიონ მათ მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი“.

მიუხედავად ამისა, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება. აქციის მონაწილეები 7-8 მარტის აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლებას და პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას მოითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები