სალომე ზურაბიშვილი: მივესალმები ხელისუფლების მიერ მიღებულ სწორ გადაწყვეტილებას კანონპროექტების გაწვევასთან დაკავშირებით

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიესალმება ხელისუფლების გადაწყვეტილებას „უცხოური გავლენის“ შესახებ ორივე კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით.

როგორც პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, თბილისის ქუჩებში გამოჩნდა ხალხის ნება და მათი ერთიანობა, რომელიც საზღვარგარეთაც დაინახეს.

„მინდა მთელს საზოგადოებას მივულოცო პირველი ასეთი გამარჯვება. მივესალმები ხელისუფლების მიერ მიღებულ სწორ გადაწყვეტილებას რომ გამოიწვია ეს კანონპროექტები. ეს გადაწყვეტილება მათგან არის ის, რომ გაითვალისწინონ ხალხის რეალური ძალა. ის, რაც გამოჩნდა თბილისის ქუჩებში, ის ერთიანობა… თუ ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყანა, დემოკრატიულ ქვეყანაში არ შეიძლება, რომ მთავრობამ და პარლამენტმა არ გაითვალისწინოს ხალხის ხმა, ხალხის ნება. ეს ხალხის ნება გამოჩნდა არაჩვეულებრივად, გამოჩნდა არამხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვარგარეთ. მთელმა ჩვენმა პარტნიორებმა დაინახეს საქართველოს ევროპული გზის მიმართ არაჩვეულებრივი განწყობა და ხალხის ნება.

ამავდროულად, ეს იყო დეპოლარიზაციის პირველი ნიშანი, რამეთუ ამ ერთი მიზნის ირგვლივ ყველა იყო გაერთიანებული და საზოგადოების ეს გაერთიანება ძალიან კარგად გამოჩნდა. ეს გაერთიანება არ არის ერთი დღით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გაერთიანება გამოიხატება ნებისმიერ ეტაპზე ევროპისკენ მიმავალ ჩვენს გზაზე. უკვე გითხარით, რომ ამ გზაზე თქვენს გვერდით ვართ. ნუ გეშინიათ. ხელისუფლების მიმართ არის უნდობლობა ამ გზაზე და გასაგებია, რატომაც. ნუ გეშინიათ, რას იზამენ, რომელ კანონს შემოიტანენ თუ გაიტანენ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები