შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე, მეხანძრე-მაშველთა მომზადების სასწავლო პროგრამა გრძელდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე, მეხანძრე-მაშველთა მომზადების სასწავლო პროგრამა გრძელდება.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სასწავლო კურსის მონაწილეებმა, პროგრამის მიხედვით, შენობა-ნაგებობების ნგრევის ზონაში საძიებო და სამაშველო სამუშაოების ჩატარების მეთოდები შეისწავლეს, ასევე, დაზარალებულის მოძიებისა და მისი ადგილსამყოფლის დადგენის, დანგრეული შენობების კონსტრუქციაში გამაგრება-შეღწევის და დაზარალებულის გამოყვანის, დახრილ ფერდობზე სასიმაღლო-სამაშველო აღჭურვილობის გამოყენებით დაზარალებულის ევაკუაციის მეთოდები დაამუშავეს.
“ახლად შექმნილი სასწავლო ცენტრი პირველად ატარებს განახლებული საბაზისო პროგრამით სწავლებას, რომელიც სახანძრო-სამაშველო და სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებში, როგორც მეხანძრე-მაშველების, ასევე, სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლების პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებას უზრუნველყოფს. სწავლების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მეხანძრე-მაშველებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.
სასწავლო ცენტრი 2022 წელს, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად შეიქმნა. ცენტრი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სსიპ სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს დაქვემდებარებაშია”,- ნათქვამია ინფორმაციაში.