საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმა გრძელდება
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, საჯარო მმართველობის იმპლემენტაციის ფარგლებში, საპენსიო სააგენტოსთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ჩართულობით საპენსიო სააგენტოში დაინერგება ხარისხის მართვის ევროპული მოდელი – „შეფასების ერთიანი სისტემა“ (CAF). პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით განხორციელდება.
შეფასების ერთიანი სისტემა ხელს შეუწყობს მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული სერვისების შექმნას, ხელმისაწვდომობის გაზრდას და ხარისხის უზრუნველყოფას.
სახელმწიფო სერვისების განვითარების 2022-2025 წლების სტრატეგიის განხორციელების ფარგლებში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ – ქეთევან ბეთლემიძემ და საპენსიო სააგენტოს დირექტორმა – გიორგი დანელიამ.
მემორანდუმის თანახმად, უწყებებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც შეფასების ერთიანი სისტემის დანერგვის მექანიზმებსა და სამომავლო თანამშრომლობაზე იმსჯელეს.
ქვეყანაში მიმდინარე საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში, საქართველოში პირველად შეიქმნა და მთავრობამ დაამტკიცდა სახელმწიფო სერვისების განვითარების 2022 – 2025 წლების ერთიანი სტრატეგია. რეფორმის მიზანია მომხმარებლისთვის სახელმწიფო სერვისების მიწოდების კიდევ უფრო გამარტივება და ხელმისაწვდომობის გაზრდა. სერვისების გამარტივებულად მიწოდების სტანდარტის შემუშავებაზე პასუხისმგებელი უწყებაა იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოა.