გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა რატიფიცირებისთვის წარდგენილ შეთანხმებაზე იმსჯელა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარდგენილი „რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკ „KfW”-სა (მაინის ფრანკფურტი) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის სასესხო შეთანხმების” თაობაზე იმსჯელა.
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2021 წელს გაფორმებული შეთანხმების თანახმად, გერმანიის მთავრობა ბათუმის მუნიციპალიტეტში თანამედროვე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოწყობის პროექტებს აფინანსებს.
2022 წლის 5 დეკემბერს ხელმოწერილი შეთანხმება კი იმავე პროექტის V ფაზის დაწყებას შეეხება, რომელიც ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზე (ადლია, აეროპორტი, ჩაქვი, ინდუსტრიის ზონა, ხელვაჩაური და მენჯისწყალი) თანამედროვე წყლის სისტემების მოწყობას ითვალისწინებს. შეთანხმებით გათვალისწინებული სესხის მოცულობა 53 მლნ ევროა. პროექტის დასრულების ვადა 2029 წლის 30 ივნისია. კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილი შეთანხმების რატიფიცირების საკითხს.