ირაკლი ზარქუა: მგონია, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ძალიან დაბნეულია
მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ზარქუამ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება შეაფასა.
ზარქუას თქმით, პრეზიდენტი დაბნეულია.
“ეს არაადეკვატურობა იყო, მეტი არაფერი. ირაკლი კობახიძემ თქვა ის, რასაც მთელი გუნდი ვამბობთ და მთელი საზოგადოების განწყობაა. პატიმარ სააკაშვილის შეწყალებას მოჰყვება დიახ, საზოგადოებაში ძალიან დიდი ვნებათაღელვა. ეს ტონალობა რა საჭირო იყო, მე მგონია, რომ ქალბატონი სალომე ძალიან დაბნეულია, ან შეცდომაში ჰყავს ვიღაცას შეყვანილი. მე მას ვურჩევდი, რომ ბატონი კობახიძის განცხადებას კარგად გაეცნოს“, – აღნიშნა ზარქუამ.
ცნობისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია: “მიგვაჩნია, რომ ,,ქართული ოცნების“ ,,სიის მესამე ნომერმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და დუსელდორფის სამართლის მაგისტრმა, დუსელდორფის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (ყოფილმა) ვიცეპრეზიდენტმა, აქ შევჩერდებით, ბევრს არ გავაგრძელებთ”, ბატონმა ირაკლი კობახიძემ კარგად უნდა იცოდეს, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში პრეზიდენტის მიერ დისკრეციულ კონსტიტუციურ უფლებამოსილების გამოყენებაზე მუქარა დაუშვებელია!”.