თენგიზ ფხალაძე: როგორც თავის დროზე სამყარომ ფაშიზმს უპასუხა არა მარტო დამარცხებით, არამედ მისი გასამართლებითაც ნიურნბერგში, ასევე უნდა გასამართლდეს პუტინის დანაშაულებრივი რეჟიმიც

“როგორც თავის დროზე სამყარომ ფაშიზმს უპასუხა არა მარტო დამარცხებით, არამედ მისი გასამართლებითაც ნიურნბერგში, ასევე უნდა გასამართლდეს პუტინის დანაშაულებრივი რეჟიმიც, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში არა მარტო უკრაინაში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში სჩადის საშინელ დანაშაულს და კაცობრიობას მუდმივად აცხოვრებს შანტაჟსა და მუქარაში”,- ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, პროფესორი თენგიზ ფხალაძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

ფხალაძე ინტერვიუში ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზეც საუბრობს, რომელიც მსოფლიო თანამეგობრობას უკრაინაში რუსეთის დანაშაულების გამოსაძიებლად სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნისკენ მოუწოდებს.

“როდესაც შარშან ამაზე ლაპარაკი დაიწყო, ნაწილი რეალისტურად არ თვლიდა, მაგრამ როგორც ვხედავთ, რეალისტურია. ანუ დღეს ამაზე ლაპარაკობს არა მარტო ევროპარლამენტი, არამედ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკიც, რომელმაც ცოტა ხნის წინ სწორედ ამაზე ისაუბრა. რუსეთის დანაშაულებრივი ქმედებები იმდენად გახშირდა და ზღვარს გადავიდა, რომ ის პირებიც კი, რომლებიც სკეპტიკურად იყვნენ ასეთი იდეის მიმართ განწყობილი, დღეს უკვე საჯაროდ აფიქსირებენ მხარდამჭერ პოზიციას. ასე რომ, საკმაოდ რეალისტურია, ეს ყველაფერი შეიქმნას და გაკეთდეს კიდეც. ამას თავისი ფორმები აქვს და პროცესი როგორ წარიმართება, ჯერ არავინ იცის. ფიზიკურად მიიყვანენ ვინმეს ტრიბუნალზე თუ არა, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ის, რომ ასეთი რაღაც მოხდება, ამაზე სერიოზული მსჯელობა მიდის. მე შემიძლია ცოტა კულუარული ინფორმაციაც გითხრათ. რამდენიმე თვეა, აქტიურად მუშაობენ, თუ როგორ უნდა გაიმართოს ტრიბუნალი, რომელი სამართალი უნდა იქნეს გამოყენებული და ასე შემდეგ… ამ საკითხზე ინტენსიურად მუშაობენ იურისტები, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტები. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი – აუცილებელია, შეიქმნას ასეთი რამ, არა მარტო იმიტომ, რომ რუსეთის დამნაშავე რეჟიმმა პასუხი აგოს, არამედ იმიტომ, რომ ეს უნდა იყოს პრეცედენტი, თუ როგორ პასუხობს საერთაშორისო დანაშაულს ცივილიზებული საზოგადოება. როგორც თავის დროზე სამყარომ ფაშიზმს უპასუხა არა მარტო დამარცხებით, არამედ მისი გასამართლებითაც ნიურნბერგში, ასევე უნდა გასამართლდეს პუტინის დანაშაულებრივი რეჟიმიც, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში არა მარტო უკრაინაში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში სჩადის საშინელ დანაშაულს და კაცობრიობას მუდმივად აცხოვრებს შანტაჟსა და მუქარაში. ეს აუცილებელია მსოფლიოსთვის, ჩვენი უსაფრთხოებისა და მომავლისთვის.

ჯერჯერობით რამდენიმე მოსაზრებაა, მათ შორის ისეთიც, რომ პრიორიტეტი მიენიჭოს უკრაინის სამართალს, არის სხვა მოსაზრებებიც. ასე რომ, ჯერ იმის თქმა, რომ შეთანხმებული ვარიანტი არსებობს, ნაადრევია. რამდენიმე მონახაზია და კიდევ იქნება რამდენიმე შეხვედრა, რომლებიც უკვე დაგეგმილია როგორც ევროპაში, ასევე ამერიკაში. ამაში ჩართული არიან უკრაინის გენპროკურორის ოფისი და პირადად გენერალური პროკურორი. მე მქონდა შესაძლებლობა ოქტომბერში მომესმინა უკრაინის გენპროკურორისგან, როგორ ფიქრობენ ამ ყველაფრის გაკეთებას. ათასობით საქმეა დოკუმენტირებული. ოქტომბრის მონაცემებით, უკვე ათასზე მეტი საქმე ჰქონდათ თავიდან ბოლომდე დოკუმენტირებული. მათში აღწერილია იდენტიფიცირებული პირების საშინელი დანაშაულები. ოქტომბრის შემდგომ იმ ათასებს კიდევ რამდენი დაემატა. ისეთი მასალაა, არ შეიძლება ამან ნებისმიერ ადამიანზე არ იმოქმედოს. ენით აღუწერელი დანაშაულებია, არანორმალურ სისასტიკესთან გვაქვს საქმე და არ შეიძლება ამას არ უპასუხოს კაცობრიობამ. რა თქმა უნდა, უპირველესად ბრძანების გამცემები უნდა გასამართლდნენ, არა მარტო შემსრულებლები. ეს არ არის იმ ტიპის დანაშაული, რომ მხოლოდ ამა თუ იმ კონკრეტულმა პირმა დაუშვა გადაცდომა. ლაპარაკია სისტემურ დანაშაულზე და ამიტომაც გავაკეთე ნიურნბერგთან ანალოგია. როდესაც ეს ყველაფერი ხდება არა იმიტომ, რომ ვიღაცას ან ნერვებმა უმტყუნა, ან გადაცდომა მოხდა, არა, იმიტომ მოხდა, რომ რეჟიმია დანაშაულებრივი. ამიტომ არის გასასამართლებელი რეჟიმი და არა მხოლოდ დავალების შემსრულებლები”, – აცხადებს რესპონდენტი.

კითხვაზე – “ტრიბუნალი გაიმართება მხოლოდ უკრაინის ომში ჩადენილი დანაშაულების გამო, თუ შესაძლებელი იქნება სხვაგან ჩადენილი დანაშაულების გამოც მოუწიოთ პასუხისგებამ? თუნდაც საქართველოში ჩადენილი დანაშაულების გამო?” – ფხალაძე პასუხობს, რომ ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ამ შესაძლებლობას ვინ როგორ გამოიყენებს.

“თუ ტრიბუნალი შეიქმნება, ცხადია, შესაძლებელი იქნება, მაგრამ ტრიბუნალი არ არის პოლიტიკური განცხადებების ადგილი. ლაპარაკია კონკრეტულ დანაშაულებრივ ქმედებებზე, რომ მათ გაეცეს სამართლებრივი პასუხი. ეს უკვე დამოკიდებულია სხვადასხვა ქვეყნის აქტიურობაზე, მათ შორის ჩვენზე, თუ როგორ გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას. საქართველოში რუსეთს უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი, ნამდვილად არანაკლები თავისი სისასტიკითა და არაადამიანურობის ხარისხით, ვიდრე უკრაინაში. თუმცა, ვიმეორებ, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ამ შესაძლებლობას ვინ როგორ გამოიყენებს, რა მტკიცებულებების მიწოდება იქნება შესაძლებელი, თორემ როდესაც ლაპარაკია დანაშაულებზე და საერთაშორისო ტრიბუნალზე, რა თქმა უნდა, ლაპარაკი არ არის მხოლოდ უკრაინაზე, მაგრამ, რადგან უკრაინა ამ პროცესის მთავარი აქტორია, მთავარ როლს ამ საქმეში სწორედ ის თამაშობს. რაც შეეხება დამნაშავეების სასამართლოზე მიყვანას, ძალიან შორეულ პერსპექტივაზე ვლაპარაკობთ. კაცობრიობის ისტორიაში ყოფილა დიქტატორების მიყვანის და ვერმიყვანის პრეცედენტებიც. ნიურნბერგის პროცესზე მოხერხდა დამნაშავეების ნაწილის მიყვანა, ნაწილის ვერა. ნებისმიერ შემთხვევაში ტრიბუნალის გამართვას აზრი აქვს მას შემდეგ, რაც ომი დასრულდება. რაც შეეხება პუტინის რეჟიმის შენარჩუნებას, ტრიბუნალი, ცხადია, გულისხმობს, რომ რეჟიმი აღარ შენარჩუნდება… ტრიბუნალი ვინ უნდა შექმნას, ასეთ დეტალებზე საუბარი ჯერ ნაადრევია. არ არის აუცილებელი მხოლოდ და მხოლოდ გაეროს ეგიდით მოხდეს. გასაგებია, რომ გაეროს უშიშროების საბჭო უფუნქციოა და რუსეთის ფაქტორიდან გამომდინარე ეს გადაწყვეტილება ვერ იქნება მიღებული, მაგრამ საამისოდ შესაძლებელია გამოინახოს სხვა მექანიზმები”, – განაცხადა ფხალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები