საქართველო – ტრიესტეს საერთაშორისო კინოფესტივალზე

21-28 იანვარს იტალიაში გაიმართება ტრიესტეს საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი პრესტიჟული ღონისძიებაა.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ფესტივალის საკონკურსო სექციაში (FEATURE FILM COMPETITION) გიორგი ოვაშვილის ფილმის „მშვნიერი ელენეს” ევროპული პრემიერა გაიმართება. ფილმს მაყურებელი 25 იანვარს იხილავს და მას, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით, გადამღები ჯგუფიც დაესწრება.
წელს, ინდუსტრიული კუთხით, ფესტივალის ე.წ. „ფოკუს ქვეყანაა” საქართველო. მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრაში, რომელსაც კავკასიის რეგიონიდან კინოცენტრებისა და სხვა კინოორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან, მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორის პირველი მოადგილე – მაკო ჭილაშვილი.
22-25 იანვარს ტრიესტეს საერთაშორისო კინოფესტივალი უმასპინძლებს ინდუსტრიულ ღონისძიებას –  „როდესაც აღმოსავლეთი ხვდება დასავლეთს” (When East Meets West). ღონისძიების ფარგლებში გაიმართება სამუშაო შეხვედრები, ვორკშოპები და ტრენინგები, რაც კინემატოგრაფისტების პროფესიულ განვითარებასა და მათი პროექტების წარმატებით განხორციელებას უწყობს ხელს. წელს,
საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ორგანიზებით, ინდუსტრიულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრებიან ქართველი რეჟისორები და პროდიუსერები:
ლაშა ხალვაში (Cold Open Inspirational Lab);
ირინა გელაშვილი (Anima Spirit Inspirational Lab);
ერეკლე ინაშვილი (WEMW focus Inspirational Lab);
ქეთევან ვაშაგაშვილი (Co-production Forum);
თორნიკე გოგრიჭიანი (Co-production Forum);
ნინო ჩიჩუა და ანა ხაზარაძე (Last Stop Trieste);
ანა ხაზარაძე (EWA Network Mentoring Programme).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები