თენგიზ ცერცვაძე: გამორჩეულად მინდა, მივულოცო გმირ ექიმებს, მთელს სამედიცინო პერსონალს, რომლებიც იდგნენ და დგანან COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე საზოგადოებას დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავს. მილოცვას ცერცვაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს

“ვულოცავ სრულიად საქართველოს მოსახლეობას დამდეგ შობა-ახალ წელს! ვუსურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და კეთილდღეობას.

გამორჩეულად მინდა, მივულოცო გმირ ექიმებს, მთელს სამედიცინო პერსონალს, რომლებიც იდგნენ და დგანან COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე და საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად შეუძლებელს აკეთებენ პაციენტების გადასარჩენად.

მათი დამსახურებაა, რომ საქართველომ ერთ-ერთმა პირველმა მსოფლიოში გადააქცია COVID-19 რიგით რესპირაციულ ინფექციად, რომელიც პრაქტიკულად ვეღარ ახდენს ნეგატიურ გავლენას ადამიანების ცხოვრების ხარისხზე და ქვეყნის ეკონომიკაზე.

მათი დამსახურებაა აგრეთვე, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა პრაქტიკულად უდანაკარგოდ გაუმკლავდა გრიპის და სხვა რესპირაციული ინფექციების შემთხვევების ბოლო 10 წლის მანძილზე ყველაზე ძლიერ ტალღას – არცერთი ავადმყოფი არ დარჩენილა ექიმის და სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების გარეშე, არ დაფიქსირებულა გარდაცვალების არცერთი შემთხვევა. ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება საიმედოდაა დაცული.

ქვეყნის ხელმძღვანელობამ და ჯანდაცვის სამინისტრომ გასულ წელს დაიწყო უპრეცედენტო მასშტაბის სისტემური ცვლილებები სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით. იმედს გამოვთქვამ, რომ მოკლე დროში დაძლეულ იქნება ძირითადი გამოწვევები და ქართველი ხალხი მიიღებს ერთ-ერთ საუკეთესო ჯანდაცვის სისტემას”,  – წერს თენგიზ ცერცვაძე.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები