პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, „ლაგუნა ვერეს” მიმდებარე ტერიტორიაზე დამამძიმებელ გარემოებებში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, სასამართლომ 13 პირი დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თბილისში, „ლაგუნა ვერეს” მიმდებარე ტერიტორიაზე დამამძიმებელ გარემოებებში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე ბრალდებული 13 პირი დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 2 აპრილს, ქ. თბილისში, კოსტავას პირველ შესახვევში მდებარე სს „საგზაო კომპანია თბილისის” ოფისის ერთ-ერთ ოთახში, კ.ქ.-სთან და მის მეგობრებთან სასაუბროდ მივიდნენ მათი ნაცნობები, ასევე მათი პირადი დაცვის წევრები და თანმხლები პირები. შეხვედრის მიმდინარეობისას, მხარეებს შორის შეკამათება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც, კ.ქ.-მ დაპირისპირებაში მყოფი პირების მიმართულებით იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც ოთახში მყოფმა სამმა პირმა სხვადასხვა ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო.

“აღნიშნული დაპირისპირების დროს, კ.მ.-მ და დ.ც.-მ ჯგუფურად, განზრახ მოკვლის მიზნით, დაპირისპირების ოთახის გარეთ,ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმეჯერ ესროლეს კ.ქ.-ს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიებით დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილზე მყოფმა 12 პირმა იცოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ, თუმცა სამართალდამცავ ორგანოებს მომხდარის შესახებ არ შეატყობინეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები მომხდარი ფაქტის შემდგომ სხვადასხვა დროს დააკავეს. კ.მ.-ს დაზუსტებული ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე” ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად), 11 პირს ბრალდება 376-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა), ხოლო ერთ პირს ბრალდება 376-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა) წარედგინათ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ცამეტივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და კ.მ.-ს სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით, 2 ბრალდებულს 4 წლით, ხოლო 10 ბრალდებულს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე კიდევ 2 პირია ბრალდებული. ერთ პირს ბრალდება 19, 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე” ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად), ხოლო მეორე პირს – 376-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) აქვს წარდგენილი. ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის და დაკავების მიზნით”, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები