მთიანი რეგიონების სკოლებისთვის მიმდინარე მწვანე საგრანტო კონკურსის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, დასკვნით ღონისძიებაზე კონკურსის მონაწილეებმა და ორგანიზატორებმა პროექტის ეტაპები შეაჯამეს
საგრანტო პროექტი მთიანი რეგიონების სკოლებისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ეკოსაგანმანათლებლო საქმიანობის ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან, არასამთავრობო ორგანიზაცია „გარემო და განვითარება“ და კავკასიის ბუნების ფონდთან CNF თანამშრომლობით, წარმატებით განხორციელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის მიზანს წარმოადგენდა ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკისა და არაგვის დაცული ლანდშაფტის უნიკალური ბუნებრივი ღირებულებების წარმოჩენა და მათ შესახებ ადგილობრივი მოსახლეობისთვის ცოდნის გაღრმავება. საგრანტო პროექტების ფარგლებში, ფშავის, ხევსურეთის და გუდამაყრის ხეობებში მდებარე სკოლების მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა აქტივობაში: მომზადდა შემეცნებითი ვიდეორგოლი ადგილობრივი დაცული ტერიტორიების შესახებ, შეიქმნა სამაგიდო თამაში, გამოიცა კომიქსი და ჩატარდა ეკოსაგანმანათლებლო შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან.
სასკოლო გრანტების ინიციატივა პროექტის „დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა კავკასიის ბუნების ფონდის CNF მიერ, GEF/UNDP-ის მხარდაჭერით.