ირაკლი ზარქუა – სალომე ზურაბიშვილზე: რთულ სიტუაციასთან გვქონია საქმე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც იმ მიზეზებზეა საუბარი, რის გამოც პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 2022 წლის ელჩების კონფერენციის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა არ მიიღო.
“მე უფრო მეგონა, რომ რახან არ დაესწრო, მეთქი ავად ხომ არ არის, ხომ არ გაცივდა-თქო. თუ ეს არის მიზეზი ე.ი. რთულ სიტუაციასთან გვქონია საქმე იმიტომ, რომ პროტოკოლით სიტყვა ვიღაცაზე წინ თუ ადრე თქვას, ამის გამო ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას რომ არ ესწრები მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის ზღვარზეა, მთელი ჩვენი სამეზობლო ცეცხლის ალშია გახვეული და ამ დროს შენ, სიტყვა არ დაგითმეს თუ სკამი ცუდად დგას და არ მიხვიდე – მე მერჩივნა ის მიზეზი, რომ ავად იყო და იმიტომ არ მივიდათქო”,- განაცხადა ზარქუამ.
ცნობისთვის, 2022 წლის ელჩების კონფერენციის გახსნის ღონისძიებაში პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მონაწილეობა არ მიიღო.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია განმარტავს, დაუშვებელია სახელმწიფო ინსტიტუტების ღონისძიებებში, მით უფრო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ მთავარ დიპლომატიურ კონფერენციაზე, სახელმწიფო და დიპლომატიური პროტოკოლის საყოველთაოდ აღიარებული და დამკვიდრებული წესების უხეში დარღვევა. მათივე განცხადებით, ამგვარ დარღვევას, ადგილი ჰქონდა ელჩების კონფერენციის გახსნის ღონისძიებაზე და გამოიხატა ღონისძიების მასპინძლის მხრიდან საქართველოს პრეზიდენტისთვის კონფერენციაში მონაწილეობის დროს მისი სტატუსის შესაბამისი ადგილის არგანსაზღვრაში.