ირაკლი ზარქუა – ანდრო ბარნოვზე: ერთი სული აქვთ ხელისუფლებაში მოვიდნენ და სადამსჯელო ღონისძიებები დაიწყონ
“გადაეცით ამ ხელმოცარულს, რომ როგორც ახლა ზის ჩრდილში, ასე იქნება მომავალშიც”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ანდრო ბარნოვის “ფეისბუქ” პოსტს.
„ნანახი გვაქვს ეს კინო, ზუსტად იმ გონორზე მიდგომით, იმ სულისკვეთებით არიან. ერთი სული აქვთ ხელისუფლებაში მოვიდნენ და სადამსჯელო ღონისძიებები დაიწყონ. გადაეცით ამ ხელმოცარულს, რომ არ გამოუვა და როგორც ახლა ზის ჩრდილში, ასე იქნება მომავალშიც“,- განაცხადა ზარქუამ.
ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, ანდრო ბარნოვმა სოციალურ ქსელში დაწერა: “როცა იქნება და მალე იქნება, განვთავისუფლდებით მოღალატეების ხელისუფლებისაგან. ამის შემდეგ, ყველა იდიოტის დევნას ნამდვილად აზრი არ აქვს (მაგალითად, კიწი დოლიძეს ციხეში არ ჩავსვამთ), მაგრამ კონკრეტული დამნაშავეები კი კანონის შესაბამისად აგებენ პასუხს. თუმცა, რას ფიქრობთ, როგორ უნდა მოვექცეთ იმ ვითომ “ჟურნალისტებს” რომლებიც დღეს ყოველდღიურ ფსიქოლოგიურ და საინფორმაციო სპეცოპერაციას ახორციელებენ ჩვენი ხალხისა და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ? რა უნდა ვუყოთ იმ “ჟურნალისტებს”, რომლებიც დავალებებს სუსიდან და სხვა სახელისუფლო სტრუქტურებიდან იღებენ? რა სამართლებრივი საფუძველი გვაქვს იმისათვის, რომ მათ პასუხი აგონ და სულ მცირე, ჟურნალისტური საქმიანობა სამუდამოდ აეკრძალოთ?”.