ჯანდაცვის მინისტრი: კიდევ ერთი საკითხი, რომელიც დღეს დავამტკიცეთ, იყო რეფერენტული ფასების მეთოდოლოგიის განსაზღვრა

“კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც დღეს დავამტკიცეთ, იყო რეფერენტული ფასების მეთოდოლოგიის განსაზღვრა”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ფასი ორ დონეზე განისაზღვრება – ეს იქნება როგორც ორიგინალი მედიკამენტების ფასის დონეზე მაქსიმალური საბითუმო ჭერი, ასევე გენერიკული დასახელებით საბითუმო მაქსიმალური ჭერი.

„დაახლოებით 1 თვის წინ კანონში შევიტანეთ ცვლილება, სადაც განვსაზღვრეთ ფარმაცევტულ პროდუქციაზე ფასწარმოქმნის მექანიზმის შემოღება. პარლამენტმა მთავრობას დაავალა, რომ განესაზღვრა მეთოდოლოგია და წესი, თუ როგორ განისაზღვრება ქვეყანაში 1-ელი იანვრიდან 27 ქრონიკული და ონკოლოგიური მოლეკულის ფასი. ეს დაფარავს დაახლოებით 1100 და მეტი ბრენდული დასახელების მედიკამენტს. ფასწარმოქმნა იქნება 2 დონეზე, რადგანაც მაქსიმალურად გვინდა დავაზღვიოთ საერთაშორისო ბრენდების და ორიგინალი მწარმოებლების ყოფნა ქვეყანაში და მაქსიმალურად გავითვალისწინოთ სხვა ქვეყნების გამოცდილება. ამიტომ ორ დონეზე განვსაზღვრავთ ფასს – ეს იქნება როგორც ორიგინალი მედიკამენტების ფასის დონეზე მაქსიმალური საბითუმო ჭერი, ასევე გენერიკული დასახელებით საბითუმო მაქსიმალური ჭერი. 5-დან 100 ლარამდე ფასნამატის გაკეთება შეეძლებათ პროცენტულად საცალო ქსელებს. ავიღებთ მაქსიმალურ საბითუმო ფასს და აქედან გამომდინარე, აფთიაქებს შეეძლებათ მარჟების დამატება, რომელიც მერყეობს 15%-დან 20%-მდე, ხოლო 100 ლარის ზემოთ მედიკამენტზე ფიქსირებულად მაქსიმუმ 20 ლარის დამატება შეიძლება. ამასთან დაკავშირებით, მთელი წლის განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდით. სამუშაო ჯგუფიც არის შექმნილი, სადაც ჩართული არიან როგორც ადგილობრივი ექსპერტები, ისე სამინისტროს წარმომადგენლები. ასევე გვყავს საერთაშორისო ექსპერტი, რომელიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ქვეყანაში ნერგავდა რეფერენტულ ფასწარმოქმნას. სხვადასხვა ქვეყნის კარგი თუ ცუდი გამოცდილება გვაქვს გათვალისწინებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევიმუშავეთ ის მეთოდოლოგია, რომელიც დააზღვევს დეფიციტს სხვადასხვა მოლეკულაზე და ასევე ყველანაირ კომერციულ თუ გონივრულ ინტერესს, რა შემთხვევაშიც ფარმაცეპტულ კომპანიებს ექნებათ იმის ინტერესი, რომ ადგილობრივ ბაზარზე ოპერირება შეძლონ.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ 2026 წლისთვის სახელმწიფომ მოსახლეობისთვის ქრონიკული მედიკამენტებისთვის უნდა დაფაროს მინიმუმ 92%. დღეს თუ ჯიბიდან გადახდები გვაქვს ძალიან მაღალი, რაც ბევრ კვლევაში და საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებში არის აღნიშნული – რაც 30%-35%-ის ფარგლებში არის სახელმწიფოს მონაწილეობა, ეს უნდა გავზარდოთ“, – განაცხადა მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები