პარლამენტმა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშის შესახებ იმსჯელა
პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის – საქსტატის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს.
პარლამენტის ინფორმაციით, საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ საქსტატის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, 2021 წელს ორგანიზაციის ბიუჯეტის ასიგნებები შეადგენდა 10 მლნ 120 ათას ლარს, გრანტები – 1 მლნ 437 ათას ლარს, ეკონომიკური საქმიანობიდან შემოსავლების გეგმა – 200 000 ლარს.
„შესაბამისად, 2021 წლის შემოსავლების გეგმა განისაზღვრა 11, 8 მლნ ლარით, ხოლო ბიუჯეტი შესრულდა გეგმის 99%-ით. გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესების, სტატისტიკის არეალის გაფართოებისა და სტატისტიკის გამოყენების ხელშეწყობის თვალსაზრისით. ზედმიწევნით სრულად შევასრულეთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები”,- განაცხადა გოგიტა თოდრაძემ. საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა.