უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ რუსული ჯარები ახალი ფართომასშტაბიანი შეტევისთვის მომავალი წლის თებერვალში ემზადებიან.
„[წვევამდელები] მინიმუმ სამი თვე ემზადებიან. ეს ნიშნავს, რომ ისინი იერიშის შემდეგი ტალღის დაწყებას, სავარაუდოდ, თებერვალში გეგმავენ, როგორც წინა წელს. ეს არის მათი გეგმა“, – განაცხადა რეზნიკოვმა.
როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას ახლა შეუძლია წარმატებით დაიცვას თავი რუსული სარაკეტო თავდასხმებისგან, რომელიც მიზნად ისახავს საკვანძო ინფრასტრუქტურას, მათ შორის ენერგეტიკულ ქსელს, ჩნდება მტკიცებულება იმისა, რომ კრემლი ახალ ფართო შეტევას ამზადებს.
რუსეთში 300 ათასი სამხედროს მობილიზაციის შესახებ საუბრისას რეზნიკოვმა ივარაუდა, რომ მათი ნახევარი მინიმალური წვრთნის შემდეგ მოსკოვის მიერ ბრძოლის ველზე განცდილი წარუმატებლობების შედეგად ძალების გასამყარებლად გამოიყენება, ხოლო მეორე ნახევარი კი უფრო საფუძვლიან წვრთნას გადის სამომავლო საიერიშო მოქმედებებისთვის.
„მობილიზებულთა მეორე ნაწილმა, დაახლოებით 150 000 ადამიანმა, დაიწყო სასწავლო კურსები სხვადასხვა ბანაკებში“, – აღნიშნა რეზნიკოვმა.