“ენერგოდართან ოკუპანტებს დიდი დანაკარგი აქვთ” – უკრაინის გენშტაბი
რუსმა ოკუპანტებმა ბოლო რამდენიმე დღეში ზაპოროჟიეს ოლქში, ენერგოდარში მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადეს.
ამის შესახებ უკრაინის გენშტაბის ყოველდღიურ მოხსენებაშია ნათქვამი.
კერძოდ, ნათქვამია, რომ 26 ნოემბერს უკრაინელმა სამხედროებმა მტრის ობიექტი გაანადგურეს, რის შედეგადაც 6 სხვადასხვა ტიპის სამხედრო ტექნიკა განადგურდა და დაიჭრა 30-მდე სამხედრო.
ასევე, ზაპოროჟიეს ოლქის პოლოგასა და ჩერნიგოვკას დასახლებების პუნქტებში 80-მდე ოკუპანტი დაშავდა. დაღუპული “რაშისტების” რაოდენობა ზუსტდება.
გარდა ამისა, ხერსონის ოლქის სოფელ ჰოლაია პრისტანში დაფიქსირებულია, დაახლოებით, 30 ერთეული დაზიანებული მტრის სამხედრო ტექნიკა.
27 ნოემბერს გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია მელიტოპოლის, პოლოგოვისა და მიხაილოვკის მიმართულებით მტრის განადგურების შესახებ. დაშავებულია 100-ზე მეტი რუსი სამხედრო, განადგურდა ათამდე სხვადასხვა ტიპის სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალების ორი საწყობი.