ორბანი: ჩვენ გვჭირდება სუვერენული უკრაინა, რომ რუსეთი საფრთხეს აღარ წარმოადგენდეს ევროპაში
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, რომელიც ცნობილი იყო კრემლისადმი ერთგულებით და უკრაინაში მიმდინარე ომს დასავლეთს აბრალებდა, განაცხადა, რომ უკრაინა უნდა გახდეს სუვერენული სახელმწიფო, რათა რუსეთი აღარ წარმოადგენდეს საფრთხეს ევროპისთვის. როგორც ცნობილია ამის შესახებ ორბანმა ქრისტიან-დემოკრატთა საერთაშორისო ასოციაციის (CDI) წევრთა კონგრესზე გამოსვლისას განაცხადა, სადაც ის ვიცე-პრეზიდენტია.
ევროპის პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრისას ორბანმა ისაუბრა არაერთ გამოწვევაზე – უკრაინის ომზე, ეკონომიკურ კრიზისზე, არალეგალურ მიგრაციაზე და „დასავლური ნეომარქსისტული იდეოლოგიის გავრცელებაზე“.
ომთან დაკავშირებით ორბანმა განაცხადა, რომ ევროპა ერთიანია იმის თაობაზე, თუ რა არის მისი მიზანი და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ რუსეთი ევროპისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდეს – „რისთვისაც ჩვენ გვჭირდება სუვერენული უკრაინა“.
ამავდროულად, მან განაგრძო რუსეთის წინააღმდეგ ევროპული სანქციების კრიტიკა და აღნიშნა, რომ რეცესია თავიდან უნდა იქნეს აცილებული, ხოლო ომისა და ევროკავშირის სანქციების გამო ენერგიის მაღალი ფასები ამას ართულებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის.