იენს სტოლტენბერგი: უკან არ დავიხევთ – მშვიდობიანი გადაწყვეტის შანსების გაზრდის საუკეთესო გზა უკრაინის მხარდაჭერაა და ნატო გააგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას
ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რა არის ეს ომი. აგრესორი რუსეთია. უკრაინა აგრესიის მსხვერპლია და, რა თქმა უნდა, უკრაინას აქვს საკუთარი თავის დაცვის უფლება. ჩვენ ვეხმარებით უკრაინას ამ უფლების დაცვაში. არ იქნება ხანგრძლივი მშვიდობა, თუ აგრესორი გაიმარჯვებს, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
მისი თქმით, პუტინი უკრაინაში მარცხდება, რასაც უფრო მეტი სისასტიკით პასუხობს.
„პრეზიდენტი პუტინი უკრაინაში მარცხდება და მარცხს ის უფრო სისასტიკით პასუხობს. ვხედავთ ქალაქებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ მიზანმიმართულ სარაკეტო თავდასხმების ტალღებს. უკრაინელებს ტოვებს სითბოს, შუქისა და საკვების გარეშე. ეს ასევე მძიმე დროა დანარჩენი ევროპისთვის და მთელ მსოფლიოსთვის ენერგიისა და სურსათის ფასების მატებასთან ერთად. დიახ, ჩვენ ყველანი ვიხდით ფასს რუსეთის მიერ წარმოებული ომისთვის უკრაინის წინააღმდეგ. მაგრამ ფასი, რომელსაც ჩვენ ვიხდით, არის ფული. უკრაინელები წირავენ სიცოცხლეს და სისხლია მათი გადახდილი ფასი, და თუ პუტინს მივცემთ უფლებას, ყველა ჩვენგანი გადაიხდის ბევრად მეტ ფასს და თან მრავალი წლის განმავლობაში.
თუ პუტინი და სხვა ავტორიტარული ლიდერები დაინახავენ, რომ მათ ამის უფლება აქვთ, მაშინ ისინი კვლავ გამოიყენებენ ძალას თავიანთი მიზნების მისაღწევად. ეს ჩვენს სამყაროს უფრო სახიფათოს გახდის და ყველა ჩვენგანი უფრო დაუცველი იქნება. ასე რომ, ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებშია უკრაინის მხარდაჭერა.
ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რა არის ეს ომი. აგრესორი რუსეთია. უკრაინა აგრესიის მსხვერპლია და რა თქმა უნდა, უკრაინას აქვს საკუთარი თავის დაცვის უფლება. ჩვენ ვეხმარებით უკრაინას ამ უფლების დაცვაში. არ იქნება ხანგრძლივი მშვიდობა, თუ აგრესორი გაიმარჯვებს. თუ ჩაგვრა და ავტოკრატია ჭარბობს თავისუფლებასა და დემოკრატიას. ომების უმეტესობა მოლაპარაკებებით მთავრდება. მაგრამ რა ხდება მოლაპარაკებების მაგიდასთან, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ხდება ბრძოლის ველზე. ამიტომ, მშვიდობიანი გადაწყვეტის შანსების გაზრდის საუკეთესო გზა უკრაინის მხარდაჭერაა. ასე რომ, ნატო გააგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას რამდენიც დასჭირდება. უკან არ დავიხევთ. უკრაინას მოკავშირეები უპრეცედენტო სამხედრო მხარდაჭერას უწევენ. და მე ველი, რომ საგარეო საქმეთა მინისტრებიც დათანხმდებიან უკრაინის მიმართ არალეტალური მხარდაჭერის გაძლიერებაზე“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.