ICMP: უკრაინაში 15 ათასზე მეტი ადამიანია დაკარგული

უკრაინაში ომის შედეგად 15 ათასზე მეტი ადამიანია დაკარგული, – განაცხადა დაკარგული პირების საერთაშორისო კომისიის (ICMP) დირექტორმა, მეთიუ ჰოლიდეიმ.

ჰააგაში დაფუძნებულმა ორგანიზაციამ, რომელიც ბალკანეთის ომების შემდეგ შეიქმნა, ივლისში ოფისი კიევში გახსნა.

მეთიუ ჰოლიდეის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანია იძულებით გადაადგილებული, დაკავებულია რუსეთში, არის ცოცხალი და მოწყვეტილია ოჯახს ან გარდაიცვალა და დაკრძალეს მასობრივ სამარხებში.

მისი თქმით, უკრაინაში დაკარგული ადამიანების ძებნა წლების განმავლობაში გაგრძელდება, საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგაც.

Reuters-სთან საუბარში ის ამბობს, რომ 15 ათასი ეს მოკრძალებული შეფასებაა იმის გათვალისწინებით, რომ მხოლოდ მარიუპოლში, ხელისუფლების შეფასებით, 25000-მდე ადამიანი დაიღუპა ან დაიკარგა.

“რიცხვები დიდია და უკრაინის პრობლემები უზარმაზარია. ახლა მთავარია – ყველა საჭირო ზომა მივიღოთ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანის იდენტიფიცირება მოხდეს”, – თქვა ჰოლიდეიმ.

მანვე დასძინა, რომ „დაკარგულთა და დაღუპულთა აბსოლუტური უმრავლესობა ომის დანაშაულების მსხვერპლია და პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები