„რეფერენტული ფასების რეფორმის კრიტიკისას რომან გოცირიძე ე. წ თავისუფალი ბაზრის პარადიგმაშია გაჭედილი“ – ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე

ეკონომისტ გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, რეფერენტული ფასების რეფორმის კრიტიკისას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე ე. წ თავისუფალი ბაზრის პარადიგმაშია გაჭედილი.

ამის შესახებ ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ცუცქირიძემ რომან გოცირიძის ის განცხადება შეაფასა, რომლის თანახმადაც „წამლებზე ფასების ზედა ზღვრის დაწესება სრული უგუნურება და ეს პროცესი კრახით დამთავრდება.“

„მთავრობამ ფარმაცევტული ბაზრის რეფორმის მეორე ეტაპი გამოაცხადა, რომელიც მედიკამენტებზე ფასების რეგულაციასთანაა დაკავშირებული. პირველი ეტაპი თურქეთის ბაზრის გახსნა იყო, რამაც საკმაოდ კარგი ეფექტი იქონია – მთელ რიგ მედიკამენტებზე ფასები შემცირებულია. ახლა მეორე ეტაპია, რომელიც სისტემური რეფორმის ნაწილს წარმოადგენს და რეფერენტულ ფასებს, ანუ წამლების ფასებზე ზედა ჭერის დადგენას ეხება. ამას კრიტიკოსები გამოუჩნდნენ, ეკონომისტების ნაწილი, მათ შორის, ბატონი რომან გოცირიძე, რომელიც ამბობს, რომ ამ ჭერის დადგენა მთელი რიგი კომპანიების მიერ იაფად წამლების შემოტანაზე უარის თქმას გამოიწვევს, რადგან ეს წამგებიანი იქნება და შესაძლოა, მედიკამენტების დეფიციტიც კი შეიქმნას. ზოგადად, უნდა აღვნიშნო : პრინციპი, რომ ეს რეგულაცია თავისუფალ ბაზარს ეწინააღმდეგება, არა მხოლოდ რომან გოცირიძის, არამედ სხვა ეკონომისტების პრობლემაცაა. მე თუ მკითხავთ, ისინი დღემდე ე.წ. თავისუფალი ბაზრის პარადიგმაში არიან გაჭედილები, თუ ჩარჩენილები.
შეგახსენებთ, რომ იგივე 90-იანი წლების დასაწყისში რომან გოცირიძე გამსახურდიას ხელისუფლებას იმის გამო აკრიტიკებდა, თუ რატომ არ გაუშვა პურზე ფასები. მოგეხსენებათ, მაშინ არც ეროვნული ვალუტა გვქონდა, სახელმწიფო, ფაქტობრივად, თავის დამოუკიდებლობის პირველ თვეებს ითვლიდა. შემდეგ, კუპონიზაციის პერიოდში ფასების გაშვებამ ვნახეთ, რაც მოიტანა, ფასები არათუ კატასტროფულად ავარდა, არამედ პურის დეფიციტიც შეიქმნა. მინდა, გითხრათ, რომ თავისუფალი ბაზრის თეორია არსად მუშაობს. ისეთ საქონელზეც კი, როგორიც ნავთობია. იქაც კი „ოპეკი“ პერიოდულად ფასებზე ზეგავლენას ახდენს ხოლმე, მიწოდებას ან ამცირებს, ან ზრდის. აქედან გამომდინარე, მოთხოვნა-მიწოდების პრინციპი ხშირად არა მხოლოდ ბაზარზე, არამედ გარკვეულ რეგულაციებზეა დამოკიდებული.
რაც შეეხება რეფერენტულ ფასებს: თუ ევროკავშირისკენ მივდივართ, ევროკავშირში, პრაქტიკულად, ყველა ქვეყანა ამ მეთოდს იყენებს. ეს ყველა წამალს არ ეხება, რეგულაცია მთელ რიგ ჯგუფებზე ვრცელდება. ესაა, ძირითადად, ქრონიკული დაავადებების ჯგუფები, ასევე კიბოს წამლები, რომელიც ძვირია ხოლმე და ხშირად, ადამიანებს ყოველდღიური მოხმარება უწევთ, რაც მათ ხარჯებზე საკმაოდ ნეგატიურად აისახება.
რეფერენტული ფასები გარკვეულწილად ე.წ. მოწყვლადი ჯგუფების ხარჯებს ამსუბუქებს. რადგან სიღარიბის დონეების შემცირებაზე ვსაუბრობთ, ეს ერთ-ერთი მეთოდია, რითაც სიღარიბე მცირდება, ზუსტად ეგაა – როცა ადამიანებს ხარჯები უმსუბუქდებათ.
ევროკავშირისკენ თუ მივდივართ, რეგულაციებიც ევროკავშირის მოგონილია და რეფერენტული ფასებიც. აქაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა ჩანს, თუნდაც იგივე 12 პუნქტთან დაკავშირებით. ევროკავშირი სიტყვით უნდათ, პრინციპში კი, ყველა იმ მიდგომას აპროტესტებენ, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებშია“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები