საავტომობილო ნომრებთან დაკავშირებით, სერბეთმა და კოსოვომ შეთანხმებას მიაღწიეს

კოსოვომ და სერბეთმა ავტომობილების სარეგისტრაციო ნომრებთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს, – განაცხადა ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა.

„მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ კოსოვოსა და სერბეთის მთავარი მომლაპარაკებლები, ევროკავშირის ხელშეწყობით, შეთანხმდნენ ზომებზე, რომ თავიდან აირიდონ შემდგომი ესკალაცია და სრულად კონცენტრირდნენ ურთიერთობების ნორმალიზაციასთან დაკავშირებულ წინადადებებზე“, – დაწერა ჯოზეფ ბორელმა.

მისი თქმით, სერბეთი შეწყვეტს კოსოვოს ქალაქების სახელწოდებით სანომრე ნიშნების გაცემას, ხოლო კოსოვო შეწყვეტს მანქანების ხელახალი რეგისტრაციასთან დაკავშირებულ შემდგომ ქმედებებს.

როგორც ბორელმა აღნიშნა, მხარეებმა შემდეგი ნაბიჯები უახლოეს დღეებში უნდა განიხილონ.

სანომრე ნიშნებთან დაკავშირებული დავა სერბეთსა და კოსოვოს შორის დაძაბულობას თითქმის ორი წელია, იწვევს.

ჩრდილოეთის მცხოვრები, დაახლოებით, 50 000 ეთნიკური სერბი უარს ამბობს პრიშტინის ავტორიტეტის აღიარებაზე და თავს კვლავ სერბეთის ნაწილად მიიჩნევს. ბელგრადმა განაცხადა, რომ არასოდეს აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას.

სერბი უმცირესობიდან ასობით პოლიციელმა, მოსამართლემ, პროკურორმა და სხვა საჯარო მოხელემ სამსახური ამ თვის დასაწყისში მას შემდეგ დატოვა, რაც პრიშტინამ გადაწყვიტა, რომ ადგილობრივმა სერბებმა საბოლოოდ უნდა შეცვალონ საავტომობილო ნომრები კოსოვოს ნომრებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები