აშშ უკრაინას დამატებით 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს. აღნიშნულის შესახებ თეთრ სახლში განაცხადეს.
როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია ნათქვამი, დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს დამატებით იარაღს, საბრძოლო მასალას და საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობას, რომელიც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მარაგებიდან იქნება გამოყოფილი.
„ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას მანამ, სანამ საჭირო იქნება, რათა მან გააგრძელოს საკუთარი თავის დაცვა და ყველაზე ძლიერი პოზიცია ჰქონდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან, როდესაც ამის დრო მოვა“, – განაცხადა ბლინკენმა.
ცნობისთვის, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დღემდე, აშშ-მა უკრაინას დაახლოებით 19,7 მილიარდი აშშ დოლარის დახმარება გამოუყო.