ორბანის ქმედების გამო, უნგრეთის ელჩი უკრაინის საგარეო უწყებაში დაიბარეს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო უნგრეთის ელჩს უწყებაში იბარებს, რაც პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანის ქმედებასთან არის დაკავშირებული.

ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა.

„უნგრეთში რევიზიონიზმის იდეების პროპაგანდა უკრაინა-უნგრეთის ურთიერთობების განვითარებას ხელს არ უწყობს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებული იქნება უნგრეთის ელჩი, რომელსაც ეცნობება ვიქტორ ორბანის ქმედების მიუღებლობა. უნგრეთის მხრიდან ოფიციალურ ბოდიშს და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის უარყოფას ველოდებით“, – წერს ნიკოლენკო.

უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი ბუდაპეშტში, უნგრეთისა და საბერძნეთის ნაკრებებს შორის ფეხბურთის ამხანაგურ მატჩზე შარფით მივიდა, რომელზეც “დიდი უნგრეთის” რუკაა გამოსახული, მის შემადგენლობაში მეზობელი სახელმწიფოების ნაწილების ჩათვლით.

1920 წლამდე უნგრეთის სამეფო ევროკავშირის ქვეყნებს – ავსტრიის, სლოვაკეთის, რუმინეთის და ხორვატიის ნაწილებს ფლობდა. გარდა ამისა, „დიდ უნგრეთს“ ეკუთნოდა​ დღევანდელი სერბეთისა და უკრაინის რეგიონების ნაწილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები