ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს ალიანსის წევრებს, რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად გამოცხადდეს.
რეზოლუცია მადრიდში, ნატო-ს ყოველწლიურ სესიაზე იყო მიღებული.
დოკუმენტი ასევე მოუწოდებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაზრდას, ნატო-ში მისი გაწევრიანების კონკრეტული ნაბიჯების შემუშავებას და, უკრაინისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით, რუსეთისგან რეპარაციების მიღების მექანიზმის შექმნას.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ „მკაცრად დაგმო რუსეთის მიერ გაჩაღებული საზარელი ომის ესკალაცია უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, მათ შორის, საზარელი თავდასხმები, რომლებიც მიზანმიმართულია მშვიდობიანი მოსახლეობის და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, რომლებიც არაფრით განსხვავდება ტერორისტული აქტებისგან და წარმოადგენს სამხედრო დანაშაულს”.
რეზოლუცია გამოხატავს ღრმა შეშფოთებას რუსეთის მიერ შეიარაღების კონტროლის ვალდებულებების მუდმივ დარღვევასთან და გლობალური იარაღის კონტროლისა და გაუვრცელებლობის რეჟიმების ეროზიასთან დაკავშირებით, ასევე, გმობს რუსეთის უგუნურ და მიუღებელ მუქარას ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ.
მოკავშირეებს მოუწოდებენ – „მკაფიოდ განაცხადონ, რომ, რუსეთის მიერ ნატო-რუსეთის დამფუძნებელი აქტის უხეში და განმეორებითი დარღვევის გათვალისწინებით, ეს დოკუმენტი, მისი დებულებებით, რომლებიც ზღუდავს ნატო-ს ძალების განლაგებას, არასწორია“.
ალიანსმა მოუწოდა ნატო-ს წევრ ქვეყნებს, გაზარდონ უკრაინის სამხედრო, სადაზვერვო, ფინანსური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა, მათ შორის, იარაღის მიწოდების დაჩქარებით და უზრუნველყონ ეს მხარდაჭერა მანამ, სანამ ეს აუცილებელია უკრაინის გამარჯვებისთვის.