“მსოფლიომ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ უნდა აღიაროს, რადგან ის ასეთია” – ზელენსკი
მსოფლიომ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ უნდა აღიაროს, რადგან ის ასეთი არის, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში.
მან აღნიშნა, რომ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეისთვის სიტყვით მიმართვისას ისაუბრა უკრაინის წვლილზე თავისუფლებისა და ევროპული ღირებულებების დაცვაში.
„მოვუწოდე ალიანსის ქვეყნებს, გადადგან კონკრეტული ნაბიჯები მშვიდობის უკრაინული ფორმულის განსახორციელებლად, რომელსაც შეუძლია, საიმედოდ უზრუნველყოს მშვიდობა და სამართლიანობა უკრაინასა და მთელ ევროატლანტიკურ საზოგადოებაში. ასევე, მოვუწოდე ნატო-ს წევრი ქვეყნების პარლამენტებს, მიიღონ გადაწყვეტილება რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ. მჯერა, რომ თანდათან მივაღწევთ ამ შედეგს – რუსეთი მსოფლიოში ასეთად იქნება აღქმული – ზუსტად ისეთად, როგორიც ის გახდა. ტერორისტულ სახელმწიფოდ”, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
21 ნოემბერს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა და მისი აგრესიისთვის სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა მოითხოვა.
ნატო-ს 30-ვე ქვეყანამ მხარი დაუჭირა უკრაინის დელეგაციის წინადადებებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის შესაბამისი რეზოლუციისთვის.
რეზოლუცია გაეგზავნება ნატო-ს წევრი ყველა ქვეყნის მთავრობასა და პარლამენტს.
რეზოლუციაში გათვალისწინებულია უკრაინის დელეგაციის სურვილი – იარაღის მიწოდების გაზრდა; უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების კონკრეტული ნაბიჯების შემუშავება; მიყენებული ზიანისათვის რუსეთის ფედერაციისგან რეპარაციების მიღების მექანიზმის შექმნა.