კიშინიოვში საპროტესტო აქციები რუსეთის მიერ პირდაპირ დაფინანსებული ჯგუფებისგან არის ორგანიზებული, ეს არის შურისძიება მოლდოვას ევროკავშირთან და უკრაინასთან სოლიდარობისთვის, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ პარიზში, მოლდოვას მხარდამჭერ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.
„ამ პერიოდში ჩვენს ქვეყანაში მოქმედებენ კრიმინალური დაჯგუფებები, რომელთა მიზანია მოლდოვას დესტაბილიზაცია. ჩვენზე თავდასხმები ჰიბრიდული ომის ნაწილია, რომელსაც ახლა ვაწყდებით. ასეთ ჯგუფებს, უხდიან ანტისამთავრობო დემონსტრაციებში მონაწილეობის მისაღებად, მათ პირდაპირ აფინანსებს რუსეთი. ეს მტრული ქმედება შურისძიებაა იმის გამო, რომ ჩვენ სოლიდარობა გამოვუცხადეთ ევროკავშირსა და უკრაინას. მოლდოვის რესპუბლიკა თავს იცავს თავდასხმებისგან, მაგრამ ჩვენ ყველამ უნდა დავიცვათ მოლდოვა“, – აღნიშნა მაია სანდუმ.
როგორც მან აღნიშნა, მოლდოვა უკრაინასთან ერთად მომავალში აირჩევს „დემოკრატიას, მშვიდობასა და თავისუფლებას“.