უკრაინული მედიის ინფორმაციით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა

ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ფედერაცია და მისი რეჟიმი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა.

უკრაინული მედიის ცნობით, შესაბამისი რეზოლუცია მადრიდის ყოველწლიურ სესიაზე მიიღეს.

„დღეს ჩვენ დავამტკიცებთ რეზოლუციას, რომელიც მოუწოდებს ყველა მოკავშირეს, მკაფიოდ განსაზღვრონ რუსეთის ფედერაცია და მისი ამჟამინდელი რეჟიმი, როგორც ტერორისტული ორგანიზაცია“, – განაცხადა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ჯერი კონოლიმ კენჭისყრის წინ.

დოკუმენტი ერთხმად იქნა მიღებული. ამასთან, რეზოლუცია სპეციალური ტრიბუნალის შექმნას მოითხოვს, რომელიც რუსეთის რეჟიმს საზარელი ომის დანაშაულებისთვის პასუხისმგებლობას დააკისრებს.

„ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ჩვენს მთავრობებს, გადადგან შემდგომი ნაბიჯები უკრაინის ნატოში გაწევრიანებისთვის. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ რუსეთის მიერ უკრაინის სუვერენული ტერიტორიების ანექსიის უკანონო მცდელობებს“, – დასძინა კონოლიმ.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ეგორ ჩერნევმა ტრიბუნალი შესაძლებელს გახდის გაასამართლოს არა მხოლოდ ომის დანაშაულებში მონაწილე უშუალო დამნაშავეები, არამედ რუსეთის ფედერაციის უმაღლესი ხელმძღვანელობაც.

„ამ რეზოლუციის მიღება არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯი, რომელიც ასახავს დასავლეთის საპარლამენტო წრეებში არსებულ განწყობას და, შესაბამისად, გავლენას ახდენს ქვეყნების ხელმძღვანელობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში“, – წერს ჩერნევი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ 23 ნოემბერს ევროპარლამენტი კენჭს უყრის რეზოლუციას, რომლითაც რუსეთი ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად იქნება აღიარებული.

მოგეხსენებათ, 13 ოქტომბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერაციას ტერორისტული რეჟიმი უწოდეს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გახდა პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელმაც რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა.

რუსეთის ფედერაციის ტერორისტულ რეჟიმად აღიარების შესახებ გადაწყვეტილება ევროპის ქვეყნების არაერთმა პარლამენტმა, მათ შორის პოლონეთის სენატმა და ჩეხეთის რესპუბლიკის დეპუტატთა პალატამ მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები