“რუსეთი უკრაინაში ყოველდღიურად იხევს უკან” – სტოლტენბერგი

რუსეთი ფიქრობდა, რომ უკრაინის ოკუპაციას რამდენიმე დღეში შეძლებდა, თუმცა, გავიდა 9 თვე და რუსეთი ყოველდღიურად იხევს უკან, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, მადრიდში ალიანსის საპარლამენტო ასამბლეის 68-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, უკრაინა თავის მიწებს ათავისუფლებს და ამის საუკეთესო მაგალითია ხერსონი, რომელიც რამდენიმე დღის წინ განთავისუფლდა, „მაგრამ, ამავდროულად, ჩვენ არ უნდა დავუშვათ დიდი შეცდომა რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების სათანადოდ დაუფასებლობით”.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ რუსეთს „დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა ჯერ კიდევ აქვს“.

„დღეს რუსეთი დრონებით და რაკეტებით დაბომბავს უკრაინის ქალაქებს, სამოქალაქო მოსახლეობას და ინფრასტრუქტურას. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ უკრაინის მხარდასაჭერად დიდი ხნის განმავლობაში“, – აღნიშნა მან.

სტოლტენბერგმა ასევე თქვა, რომ ამ ომის შედეგებს ევროპაც აწყდება.

„ელექტროენერგიის და სურსათზე ფასები იზრდება, ჩვენი დანაკარგები ფულით იზომება, მაგრამ უკრაინელების დანაკარგები – სისხლით. და თუ პრეზიდენტ პუტინის გამარჯვებას დავუშვებთ, ამის ფასს გადავიხდით. ავტორიტარული რეჟიმები დაიჯერებენ, რომ ძალის გამოყენებით ყველაფერს მიაღწევენ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის დახმარების პოლიტიკა“, – შეაჯამა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები