თურქეთმა სირიაში შესაძლოა, სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს

თურქეთი სირიაში ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციის შესაძლებლობას განიხილავს, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

„შესაძლოა, ერთ ღამეს უეცრად მოვიდეთ“ – ამას უმიზეზოდ არ ვამბობდით, რადგან ეს ნაბიჯები მოსალოდნელი და დაგეგმილი საათის დადგომისთანავე გადაიდგა. ფაქტობრივად, ამის სრული გამოვლინება იყო გუშინ ღამით ჩატარებული ოპერაცია, რადგან ამ ტერორისტული ორგანიზაციების განეიტრალება და მათი განადგურება, ჩვენი უსაფრთხოების ძალების განუყოფელი მოვალეობაა. და ეს არ შემოიფარგლება მხოლოდ საჰაერო კამპანიით“, – განუცხადა თურქეთის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო და გენერალური შტაბი ერთობლივად წყვეტენ, რამდენი სამხედრო და ტექნიკა უნდა იყოს ჩართული ოპერაციაში.

ამ დროისთვის ჩართულია 70 თვითმფრინავი და დრონი, რომლებმაც 89 სამიზნე გაანადგურეს.

ერდოღანის თქმით, მას ოპერაციის დაწყებაზე რუსეთის და აშშ-ის პრეზიდენტები არ გაუფრთხილებია.

„ჩვენ არ გვქონია შეხვედრები ბატონ ბაიდენსა და ბატონ პუტინთან ამ ოპერაციის შესახებ. მაგრამ ჯო ბაიდენმაც და ვლადიმერ პუტინმაც უკვე იციან, რომ ამ რეგიონში მსგავსი რამის გაკეთება ნებისმიერ დროს შეგვიძლია“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები