დენის შმიგალი: უკრაინის ენერგეტიკული სისტემის 50% მწყობრიდან გამოვიდა
რუსული წარმოების სარაკეტო დარტყმების შედეგად უკრაინის ენერგეტიკული სისტემის თითქმის ნახევარი მწყობრიდან გამოვიდა. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი აგრძელებს სარაკეტო დარტყმებს უკრაინის სამოქალაქო კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რითაც ებრძვის მშვიდობიან მოსახლეობას და ართმევს მათ შუქს, წყალს, სითბოს და კომუნიკაციას ზამთრის პერიოდში.
„მხოლოდ 15 ნოემბერს რუსეთმა 100-მდე რაკეტა ესროლა უკრაინის ქალაქებს. ჩვენი ენერგოსისტემის თითქმის ნახევარი გათიშულია“, – დასძინა უკრაინის მთავრობის მეთაურმა.
შმიგალმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ პირობებში უკრაინას ესაჭიროება ევროპელი პარტნიორების დამატებითი მხარდაჭერა, როგორც ენერგეტიკის სექტორში, ასევე დამატებითი აღჭურვილობის მიწოდებაში და დამატებითი ფინანსური რესურსები გაზის დამატებითი მოცულობის შესაძენად და ასევე ენერგეტიკის სექტორის უფრო დიდი მხარდაჭერისთვის.