“მშვიდობა იარაღით არ მიიღწევა” – რომის პაპი მზად არის, რუსეთსა და უკრაინას შორის დიალოგში შუამავლის როლი შეასრულოს
რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ ვატიკანი მზად არის, რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად ყველაფერი გააკეთოს და შუამავლის როლი აიღოს.
ამის შესახებ მან გაზეთ La Stampa-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, სჯერა თუ არა მოსკოვისა და კიევის შერიგების შესაძლებლობის, პონტიფიკოსმა ყველას მოუწოდა – არ დანებდნენ და აღნიშნა, რომ “მშვიდობა შესაძლებელია”.
“მაგრამ ყველამ თავი გულების დემილიტარიზაციას უნდა მიუძღვნას, საკუთარით დაწყებული და შემდეგ ძალადობა განმუხტოს. ჩვენ, ყველა პაციფისტები უნდა ვიყოთ. მშვიდობის სურვილი უნდა იყოს და არამხოლოდ ზავის, რომელიც ხელახლა შეიარაღებას ემსახურება. ნამდვილი მშვიდობა დიალოგის შედეგია. ის იარაღით არ მიიღწევა იმიტომ, რომ ის არ ამარცხებს სიძულვილს და ბატონობის წყურვილს, რომელიც ამგვარად აღდგება, შესაძლოა, სხვა გზითაც, მაგრამ ხელახლა დაიბადება“, – თქვა მან.