IAEA მოუწოდებს რუსეთს, თავისი ჯარები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან დაუყოვნებლივ გაიყვანოს
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ჯარები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან.
გაერო-ს 35 ქვეყნის საბჭომ, რომელიც ქვეყნების ატომურ ენერგეტიკას აკვირდება, უკრაინაში ომის დაწყებიდან მესამე რეზოლუცია მიიღო, რომელშიც მოუწოდებს რუსეთს – უკრაინის ბირთვულ ობიექტებზე ყველა საქმიანობა შეწყვიტოს.
ამის შესახებ დახურულ შეხვედრაში მონაწილე დიპლომატებმა განაცხადეს.
ამასთან, Reuters-მა რეზოლუციის ტექსტი მოიპოვა, რომელშიც ნათქვამია, რომ „მმართველთა საბჭო გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას იმის გამო, რომ რუსეთის ფედერაციამ არ გაითვალისწინა საბჭოს მოწოდებები – დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყველა საქმიანობა უკრაინის ბირთვულ ობიექტებზე და სთხოვს რუსეთის ფედერაციას, ეს სასწრაფოდ გააკეთოს“.
IAEA-ს ხელმძღვანელი, რაფაელ გროსი სადგურის გარშემო დამცავი ზონის შექმნისკენ მოუწოდებს, რომ შეჩერდეს იერიში და შემცირდეს კატასტროფული რადიაციული ავარიის რისკი.
რეზოლუციაში ნათქვამია, რომ მმართველთა საბჭო მხარს უჭერს გროსის ამ ძალისხმევას.
„მმართველთა საბჭო გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის უკრაინელ თანამშრომლებზე მიუღებელი ზეწოლისა და დაკავების გამო და დაბომბვის შემდეგ სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გარე ელექტრომომარაგების განმეორებითი შეწყვეტის გამო“, – ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.
რეზოლუციას მხარი რუსეთმა და ჩინეთმა არ დაუჭირეს, ხოლო კენიამ, ნამიბიამ, ინდოეთმა, პაკისტანმა, საუდის არაბეთმა, სამხრეთ აფრიკამ და ვიეტნამმა თავი შეიკავეს.