პოლონეთი 15 ნოემბერს რაკეტის აფეთქებაში პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს, – ამის შესახებ TVN24-ის ეთერში ქვეყნის პრეზიდენტის აპარატის წარმომადგენელმა, იაკუბ კუმოხმა განაცხადა.
„იმ დღეს რუსეთმა უკრაინა დაბომბა და მას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ყველაფერზე, რაც ვარდება. არავინ ადანაშაულებს უკრაინას პოლონეთის ტერიტორიის განზრახ დაბომბვაში… დღეს ბევრი ნიშანია, რომ ერთ-ერთი რაკეტა, რომელიც რუსული რაკეტის ჩამოგდებას ცდილობდა, მიზანს არ მოხვდა, თვითგანადგურების სისტემამ არ იმუშავა და ამ რაკეტამ ტრაგედია გამოიწვია”, – თქვა მან.
იაკუბ კუმოხმა აღნიშნა, რომ უკრაინელ სპეციალისტებს, სავარაუდოდ, შემთხვევის ადგილზე დაუშვებენ, თუ პოლონურ-ამერიკულ საგამოძიებო ჯგუფს „ტექნიკურ დონეზე“ შენიშვნები არ ექნებათ.
ბრალდებას კრემლი გამოეხმაურა. როგორც პრესპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა, “ყველაფრის მთავარი მიზეზი შეერთებული შტატებისა და ნატო-ს ქმედებები გახდა.
“ამერიკელები ამბობენ: “ის რომ არ ყოფილიყო, ეს არ მოხდებოდაო”. მაშინ აზრი აქვს უკან გადახვევას და ჩვენ დავინახავთ ყველაფრის ძირეულ მიზეზს – ეს არის ნატო და შეერთებული შტატები სათავეში“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.
ამასთან, მას არ დაუკონკრეტებია, შეერთებული შტატებისა და ნატო-ს კონკრეტულად რომელმა ქმედებებმა გამოიწვია არსებული ვითარება.