რესპუბლიკურმა პარტიამ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა მოიპოვა

აშშ-ში 8 ნოემბერს გამართული შუალედური არჩევნების შედეგად, რესპუბლიკურმა პარტიამ კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა მოიპოვა.

ამის შესახებ The Washington Post-ი წერს.

ქვედა პალატაში უმრავლესობის მოსაპოვებლად, რესპუბლიკელებს სულ მცირე 5 ადგილის მოპოვება სჭირდებოდათ და ამჟამად მათ აქვთ  218 მანდატი, ხოლო დემოკრატებს – 211.

რაც შეეხება სენატს, აქ უმრავლესობის შენარჩუნება დემოკრატებმა შეძლეს. ამ დროისთვის ისინი 50 ხმას ფლობენ. არჩევნების მეორე ტური ჯორჯიის შტატში გაიმართება, თუმცა, მის შედეგს ძალთა ბალანსზე გავლენა აღარ ექნება.

The Washington Post-ი წერს, რომ აშშ-ში პრეზიდენტის პარტია თითქმის ყოველთვის კარგავს ადგილებს საკანონმდებლო ორგანოში მისი ვადის პირველი ნახევრის შემდეგ. რესპუბლიკელები ეკონომიკური პრობლემებისა და რეკორდული ფასების ფონზე, დემოკრატების გამანადგურებელ მარცხს იმედოვნებდნენ, მაგრამ მათმა ოპონენტებმა წარმატებით მოახდინეს ამომრჩევლის მობილიზება აბორტის უფლებებისა და დემოკრატიის საფრთხეებთან დაკავშირებულ საკითხებზე ყურადღების გამახვილებით.

ამასთანავე, ცხადია, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას მუშაობა გაურთულდება, რადგან რესპუბლიკელებს კანონპროექტების ბლოკირება და გამოძიების შესაძლებლობა ექნებათ.

CNN-ი იტყობინება, რომ წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელების გამარჯვება იანვარში ნენსი პელოსის სპიკერად ყოფნის მეორე ვადას დაასრულებს.

რესპუბლიკელების სპიკერად შესაძლოა, კევინ მაკკარტი იყოს არჩეული, თუმცა, პარტიის წევრებს შორის თანამდებობაზე არჩევის პროცესი არ დასრულებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები