“როგორც ჩანს, პუტინს პირდაპირი მოლაპარაკება სურს, მე საჯარო ფორმა შევთავაზე” – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყნების ლიდერებისგან გარკვეული სიგნალები მიიღო, რომ რუსეთს მოლაპარაკებების დაწყება სურს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა მოლაპარაკება უნდა მიმდინარეობდეს “საჯაროდ და არა – კულუარულად”.
„დიახ, მე მივიღე გარკვეული სიგნალები სახელმწიფოს ლიდერებისგან. როგორც ჩანს, პუტინს სურს პირდაპირი მოლაპარაკება… მე მივიღე ასეთი სიგნალები… მე შევთავაზე საჯარო ფორმა, რადგან რუსეთი უკრაინასთან საჯარო ომს აწარმოებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, იმისათვის, რომ მსოფლიო ლიდერებს არ ჰქონდეთ კითხვები უკრაინის მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნის შესახებ, G20-ის სამიტზე მან მშვიდობის აღდგენის 10 პუნქტი შესთავაზა.
„მე მჯერა, რომ ეს არის მშვიდობის ფორმულა მთელი მსოფლიოსთვის. იმიტომ, რომ თითოეულ სახელმწიფოს შეუძლია, იქ იპოვოს თავისი ადგილი და იყოს ლიდერი, ამა თუ იმ ინიციატივით – ამ ათიდან, ამა თუ იმ პუნქტის სირთულეების გადალახვაში“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.