“ინციდენტი, სავარაუდოდ, გამოწვეული იყო უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტით, მაგრამ ეს რუსეთის ბრალია” – სტოლტენბერგი პოლონეთის აფეთქებაზე
ბრიუსელში ნატო-ს საგანგებო შეხვედრა დასრულდა, რომელიც პოლონეთში ჩამოვარდნილ რაკეტასთან დაკავშირებით იქნა მოწვეული.
როგორც პრესკონფერენციაზე ალიანსის ლიდერმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, “არ არსებობს რაიმე ნიშანი, რომ ეს მიზანმიმართული თავდასხმა იყო”.
მისი თქმით, გამოძიება გრძელდება.
ამავე დროს, როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, „ჩვენი წინასწარი ანალიზი მიუთითებს, რომ ინციდენტი, სავარაუდოდ, გამოწვეული იყო უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტით, რომელიც გასროლილ იქნა უკრაინის ტერიტორიის დასაცავად, რუსული ფრთოსანი რაკეტების მოსაგერიებლად. მაგრამ, ნება მომეცით, ნათლად განვაცხადო, რომ ეს არ არის უკრაინის ბრალი. რუსეთს ეკისრება საბოლოო პასუხისმგებლობა, რადგან ის უკრაინის წინააღმდეგ უკანონო ომს აგრძელებს”.
სტოლტენბერგის თქმით, მოკავშირეებმა პოლონეთს „უღრმესი მწუხარება გამოუცხადეს ტრაგიკული დაღუპვის გამო“ და „მტკიცე სოლიდარობა გამოუცხადეს“.
„ნატო ერთიანია და ჩვენ ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავიცვათ ყველა მოკავშირე“, – დასძინა სტოლტენბერგმა.